ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. პარტნიორობის შეთანხმება 2015 წლის იანვრის ბოლომდე სრული სახით იქნება მზად, - ამის შესახებვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა ცხინვალში ვიზიტისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, რუსეთს ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას, რაც განპირობებულია სანქციების რეჟიმით, მაგრამ მზად ვართ, მომავალი თანამშრომლობისა და დაფინანსების გაზრდისთვის", - განაცხადა სურკოვმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედი ხელისუფლება ყველაზე ეფექტურად მუშაობს.
ოკუპირებული ცხინვალის ლიდერ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა დოკუმენტში უსაფრთხოებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების პუნქტებს.
"ეს პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც შეასრულა ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო. ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე საინვესტიციო პროგრამების 100%-იან შესრულებაზე გავალთ", - განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა.
დოკუმენტთან ერთად, რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალს ფინანსურ დახმარებასაც ჰპირდება. სურკოვის თქმით, რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი ხელს ვერ შეუშლის იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც თავის თავზე მოსკოვმა აიღო ცხინვალის, როგორც "სტრატეგიული პარტნიორის" მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






