ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, მთისპირის თემში, ქეთევან ჯინჭარაძეს, ამავე სოფლის ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და რეალიზაციაში ადანაშაულებენ.
მთისპირის მოსახლეობა ჯინჭარაძეს ამ ბრალდებას ღიად უყენებს. "ნიუპოსტი" სუტუაციის გასარკვევად დაპირისპირებულ მხარეებს დაუკავშირდა:
როგორც მათი განცხადებებიდან ირკვევა, მთისპირის საჯარო სკოლამ, ამავე თემში გამგეობის წარმომადგენლისაგან, ქეთევან ჯინჭარაძისაგან 10 კუბური მეტრი შეშა შეიძინა და მისი ღირებულების თანხა, 800 ლარი, გამგეობის წარმომადგენლის, ფიზიკური პირის, ქეთევან ჯინჭარაძის პირად ანგარიშზე გადარიცხა.
სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეშა სოფლის ხელმძღვანელმა, მის მიერვე გაცემული ცნობის საფუძველზე გაყიდა, ცნობაში კი ნათქვამია, რომ 10 კუბური მეტრი შეშა დამზადებულია სოფლის ხელმძღვანელის საკარმიდამო ნაკვეთში.
სოფლის მოსახლეობა კი ირწმუნება, რომ, შეშა, რომელიც სოფლის ხელმძღვანელმა სკოლას მიჰყიდა, დამზადებულია არა მის საკარმიდამო ნაკვეთში, არამედ სოფლის თემში არსებულ კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და იქ ხე-ტყის ჭრა, მხოლოდ შესაბამისი ნებართვების საფუძველზე ხდება.
მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა ჭეიშვილი: “ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ქალბატონ ქეთევანთან, შესაბამისად თანხაც მას ჩავურიცხეთ. მე ხელშეკრულება გავაფორმე შესაბამისი ცნობის საფუძველზე“- გვითხრა სკოლის დირექტორმა.
-რა ხე-ტყეზეა საუბარი თუ შეიძლება რომ გვითხრათ? ცაცხვი, წიფელი?
-როგორ გეკადრებათ, შეშა არის მართლაც ძვირფასი, სულ თხემლაა.
ქეთევან ჯინჭარაძე: გამგეობის წარმომადგენელი მთისპირში; „ეს ხეები მოჭრილია ჩემს ეზოში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს. რატომ მყავს მტრები არ ვიცი. მე სახლისათვისაც თხემლა დავამზადე, შეგიძლიათ მობრძანდეთ და გადაამოწმოთ, არანაირი კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშა არ მომიჭრია. მქონდა და მივყიდე სკოლას, რა არის ამაში გასაკვირი?
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






