„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და ამბობს რომ ეს იყო ყველაზე დიდი კატასტროფა, რომელიც ამ ხელისუფლებას განუცდია. ფანჯიკიძე ასევე აღნიშნავს, რომ გამორიცხულია უწყება მსგავს განცხადებას უმაღლეს დონეზე თანხმობის გარეშე აკეთებდეს.
"აბსოლუტურად გამორიცხულია მსგავსი განცხადება უმაღლეს დონეზე თანხმობის გარეშე გააკეთოს რომელიმე სამინისტრომ. თუ ასეთი რამ რომელიმე სამინისტროში ხდება, იქ არის ძალიან რთული პრობლემა მენეჯმენტის. მე მაინტერესებს რა ურჩევნიათ რისი აღიარება თავდაცვის სამინისტროს - რომ მათ ეს პოზიცია ჰქონდათ თუ მენეჯმენტი არ უვარგათ. ორივე კატასტროფაა, მე თუ მკითხავთ. განსაკუთრებით ისეთი სამინისტროსთვის, რომელსაც ევალება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაცვა და რომელსაც ემორჩილება 30 ათასამდე ჯარისკაცი, რომელიც ყოველ დღე უყურებს თავის ხელმძღვანელობას და მისგან უნდა იცოდეს, რა მიმართულებით მუშაობს, რა არის მისი ამოცანა. მე მიმაჩნია, რომ ის, რისი მომსწრენიც ვიყავით გასული კვირის განმავლობაში, არის ხელისუფლების სრული კრახი. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი კატასტროფა, რომელიც ამ ხელისუფლებას განუცდია. ეს არ იყო მხოლოდ ერთი კრახი, რომელსაც ბოლო დღებში თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა. ჩემი აზრით, მეორე კატასტროფა არის ის, რომ მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მხრიდან მიღებული დირექტივისა, რომ თავდაცვის მინისტრს ბოდიში უნდა მოეხადა, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ჯერ ეს არ მომხდარა. მესამე და კიდევ უფრო უარესი არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პრესის სამსახურს ამოეფაროს და პრესის სამსახური გაუშვა წინა ფრონტზე. ახლა, ალბათ ვიღაცას, რომელიც აბსოლუტურად არ არის პასუხისმგებელი ასეთი ტიპის განცხადებებზე, დასჯიან და ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საკმარისი. ეს იქნება კიდევ ერთი კატასტროფა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ამის შემდეგ არის მოსალოდნელი, კერძოდ ის, თუ როგორ უნდა ენდოს მომავალში ან ის 30 ათასი ჯარისკაცი, ან საქართველოს მოსახლეობა ამ სამინისტროს მიერ გაკეთებულ რომელიმე განცხადებას, მაშინ როცა პასუხისმგებელი პირი ვერ გაურკვევიათ, ბოდიში ვერ მოუხდიათ და ჰგონიათ, რომ საიტიდან წაშლით ეს საკითხი მოგვარდება. ჩემი აზრით, აქ პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. როგორი, რანაირი - ეს მიმინდვია ამ ხელისუფლებისთვის, მაგრამ წარმოუდგენელია ასეთი რამის მერე არავინ ისჯებოდეს და მე ამ დასჯაში არ ვგულისხმობ პრესსამსახურის თანამშრომლებს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






