„საქართველოს ძვირფასო მოქალაქეებო მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს ევროპარლამენტმა საქარტველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ერთ-ერთი მოწიონავე ქვეყანაა, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპული მისწრაფებების შედეგია“- განაცხადა ჰანმა
ჰანის თქმით, ევროკავშირის ინტერესიც არის, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული, სტაბილური, წარმატებული ქვეყნის მშენებლობას რეგიონში, რომელსაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
"საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა ჩვენ ერთი თვის წინ ჩავატარეთ, ამავე დღეს გადავწყვიტეთ, რომ საქართველომ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ პროცესში, რომელიც მას და მის მოქალაქეებს მიაახლოვებს მიზანთან, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს შეეხება. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციით საქართველო გარდაიქმნება და ეჭვი არ მეპარება, რომ ამით სარგებელს პირველი თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, იგრძნობთ. ამ შეთანხმების შედეგად, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს, გააღრმავებს მასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს,“ - აცხადებს ჰანი საგანგებო მიმართვაში.
იგი განმარტავს, რომ ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი იქნება რეფორმებისთვის ისეთ ევროპულ ფასეულობებთან ერთად, როგორიცაა პლურალისტური დემოკრატიის დამყარება, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, დაცვა და კანონის უზენაესობა.
ჰანის თქმით, საჭიროა, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან ერთად, საქართველომ გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად.
იოჰანეს ჰამნა ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებზეც და განაცხადა, რომ ისინი საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას.
„რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ის ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებსა და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არის ძლიერი და ნდობაზე აგებული. დღევანდელი რატიფიკაციით კი ის კიდევ უფრო ძლიერი ხდება,“ - განაცხადა ჰანმა.
მასალის გამოყენების პირობები






