კახა კოჟორიძის თქმით, პროკურატურა უნდა გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, მისი თქმით, პროკურატურის რეფორმირებაზე აქტიური საუბარი მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია მომწიფდა.
„პროკურატურა არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი, რათა ის იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ფაქტია, რომ ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ გვაქვს. მაგალითად, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი პრაქტიკამ წარმოაჩინა და დაადასტურა, რომ არის ძალიან არასწორი წესი. იუსტიციის მინისტრის მონაწილეობა ამ პროცესში ნომინალურია. აუცილებელია მთავარი პროკურორის თანამდებობრივი გარანტიების შექმნა. პროკურორი არ უნდა იყოს დამოკიდებული პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვას, ცხადია საია ყველა ფორმას გამოიყენებს, რომ ამ საკითხზე იმუშაოს ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ინიციატივა გააჟღერა, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას ეხება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია გაიზარდოს პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხი. მან თეა წულუკიანს დაავალა შექმნას უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფი. მთავრობის მეთაურმა დაინტერესებულ არასამთავრობოებს მიმართა, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში და გამოხატონ თავიანთი აზრი, რათა საუკეთესო და ყველაზე კარგად დაბალანსებული მოდელი შეიქმნას.
მასალის გამოყენების პირობები






