პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ინიციატივა გააჟღერა, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას ეხება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია გაიზარდოს პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხი.
მან თეა წულუკიანს დაავალა შექმნას უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფი.
„გადავწვიტეთ, რომ გავცეთ ინსტრუქცია, დაიწყოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა და ეს მსჯელობა წარიმართოს თუნდაც ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაში შევლენ ძალოვანი სტრუქტურები, პროკურატურა, არაერთი სამინისტრო, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი. მინდა ვთხოვო თეა წულუკიანს, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ რეფორმაზე. თუ რომელი მოდელისკენ წავალ ეს უნდა აჩვენოს მუშაობის პროცესმა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა დაინტერესებულ არასამთავრობოებს მიმართა, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში და გამოხატონ თავიანთი აზრი, რათა საუკეთესო და ყველაზე კარგად დაბალანსებული მოდელი შეიქმნას.
მასალის გამოყენების პირობები






