საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამგზავრების საკითხის მოგვარებაში მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იყვნენ ჩართული.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
„ხვალინდელი დღე არის ისტორიული. ცხადია, რომ საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი ღირსეულად. სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მეთაური, ამ ღონისძიებას დაესწრება. პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენი ევროპული სწრაფვა არის ქართველი ხალხის არჩევანი და პრეზიდენტი, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველი, წარმოადგენს ქვეყანას ამ ღონისძიებაზე", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
რაც შეეხება სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტის კონკრეტულ დეტალებს, ფხალაძის ინფორმაციით, კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.
სტრასბურგში დღეს საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართება. დოკუმენტის კენჭისყრა ხვალ 18 დეკემბერს გაიმართება. ხვალ იგეგმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაც.
რატიფიკაციის პროცესს საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ ორი დეპუტატი დაესწრება. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ჩასვლას არ აპირებენ. სტრასბურგში საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც ელოდებიან. იგი სტრასბურგში ევროპის სახალო პარტიამ მიიწვია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგში გაემგზავრება საქართველოს პრეზიდენტიც.
მასალის გამოყენების პირობები






