საყდრისის აფეთქებას ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე ეხმაურება, მისი თქმით ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და საყდრისის აფეთქება ერთ დღეში არ გადაწყვეტილა.
„ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას იმის შესახებ, რომ მზადდებოდა ეს ყველაფერი, აფეთქება ერთ დღეში არ გადაწყვეტილა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალება, რომელმაც დაიკმაყოფილა საკუთარი ფინანსური ინტერესები. შუა თითი, რომელიც კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაანახა, არის ის თითი, რომელიც უჩვენა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მთელ ქვეყანას“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.
თარგამაძის თქმით, კულტურის მინისტრი დამნაშავე ნაკლებადაა, რადგან მისი პოსტზე ყოფნის ერთადერთი მიზეზი ვალებია და იგი მინისტრად მხოლოდ ამ პროცესში გამოსაყენებლად დანიშნეს.
„გიორგაძეს ქართუ ბანკის ვალების გამო დააბრალეს მინისტრობა, დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ამ საკითხის გამო დანიშნეს მინისტრად, ჯერ პირველივე დღეს გააფუჭეს, როდესაც უკვე გაშვებული ბერიკაშვილი უკან დაუბრუნეს, ეხლა კი ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს“-განაცხადა გივი თარგამაძემ.
თარგამაძის თქმით, არ არსებობს საგამომძიებლო ორგანოების მიმართ ნდობა, ამიტომ კარგი იქნებოდა შექმნილიყო საპარლამენტო კომისა, მაგრამ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
მასალის გამოყენების პირობები






