საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთისათვის აღარ არის გათვალისწინებული ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარი მოკავშირეების სტატუსის მინიჭება, რასაც ითვალისწინებდა აშშ-ში მომზადებული კანონპროექტი „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი“. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
კანონპროექტს 11 დეკემბერს დაუჭირა მხარი შეერთებული შტატების სენატმა, მაგრამ მას შემდეგ ტექსტი შეიცვალა. 12 დეკემბერს სენატმა დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაუგზავნა.
კანონპროექტი უკრაინისათვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამკაცრებას, ასევე უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.
ამავე კანონპროექტით, „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტით“, გათვალისწინებულია 50 მლნ დოლარის მიწოდება უკრაინაში ენერგომომარაგების ხელშესაწყობად, წლიურად 20 მლნ დოლარისა - რუსეთში დემოკრატიისა და სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად.
ასევე, კონგრესი მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამატებით 10 მლნ დოლარი გამოიყოს რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმისათვის უკრაინაში, მოლდავეთსა და საქართველოში მაუწყებლობის გასააქტიურებლად, რუსეთიდან მომდინარე პროპაგანდასთან დაპირისპირების მიზნით.
წყარო: radiotavisupleba.ge
მასალის გამოყენების პირობები






