„საქართველო-თურქმენეთის ორმხრივ ურთიერთობას შემდგომი გავრცობისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ თვალსაზრისით თურქმენეთში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელი ეწერება იმ დოკუმენტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ტრანსპორტის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში.
„ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების შემდგომი ურთიერთობისათვის, რომელშიც ნათლად იკვეთება საერთო ინტერესები, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ერთმანეთთან აკავშირებს შავი და კასპიის ზღვის რეგიონებს. ჩვენს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის გაღრმავებისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შეხვედრისას დეტალურად იქნა განხილული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და განისაზღვრა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.
„ჩვენი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობას შემდგომი გავრცობისა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამ თვალსაზრისით ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელი ეწერება იმ დოკუმენტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ტრანსპორტის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში. ბატონ პრეზიდენტს ასევე გავუზიარე ჩვენი შეშფოთება, რომელსაც იწვევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დავადასტურეთ ერთგულება საზღვრების ურღვევობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა მასპინძლობისთვის თურქმენ კოლეგას მადლობა გადაუხადა.
„მოუთმენლად ველით ბატონ პრეზიდენტს თბილისში, საქართველოში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






