რაც შეეხება იქ გამართულ ძალიან კომიკურ რუსულ კლოუნადას, კოჭებში ეტყობოდა რომ ეს ქალები და ბავშვები წინასწარ საგანგებოდ იყვნენ შემზადებულებულები ჩვენს დასახვედრად დაზუთხული ტექსტებითა და შეძახილებით. რუსულ მაისურებსაც იქვე ირგებდნენ.
აქციის ადგილი სოფლიდან საკმაოდ მოშორებულია და ეს ადამიანები ჩვენ იქ უკვე დაგვხვდნენ. მათ შორის ჩვენი აქციის მონაწილეებმა ,,ოცნების“ აქტივისტები ამოიცნეს. მათ ქართველი დირიჟორიც ჰყავდათ, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც თავგამოდებული გვიმტკიცებდა, რომ იქით მხარეს არავითარ სამუშაოებს რუსები არ აწარმოებენ და რა საჭირო იყო ეს აქცია. ქალებისაგან მოშორებით რამდენიმე მამაკაცის იდგა. ისინი უკვე ამ გზის მშენებლობაზე ჩვენი მთავრობის ცნობილ კომენტარებს იმეორებდნენ, თუმცა აგრესია ჩვენს მიმართ არავის გამოუხატავს. ხანმოკლე საუბრებიც საკმარისი იყო, მათი ,,არგუმენტების“ გასაქარწყლებლად.
უკვე ავტობუსთან დაბრუნებულებს ჩვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანებიც დაგვხვდნენ, რომლებსაც ჩვენმა მონაწილეებმა დროშები აჩუქეს და ამ დროშებით გამოგვაცილეს. გზადაგზაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ღიმილით გვესალმებოდნენ და ხელს გვიქნევდნენ. ასე, რომ იქ ერთმნიშვნელოვანი სურათი ნამდვილად არ იყო. სულგაყიდულს კიდევ ჩვენში რა გამოლევს, როგორც მიამიტსა და დაბრიყვებულს.
აქციიდან მომავალს საკუთარ ჭიშკართან მჯდომი ერთი ბერიკაცი დამამახსოვრდა. ქართველები ხართო,-გვკითხა. მეტი არაფერი უთქვამს. დანარჩენზე მისი თვალები მეტყველებდა. ჩემი განწყობაც ასეთივე იყო. სევდიანი და იმედიანი.
თევზი თავისდან ლპებაო, ნათქვამია. სწორედ მაგ თავს უნდა მივხედოთ, აქ და სხვაგან უფრო საშიში რამ რომ არ მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები






