ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით საჭიროა, რომ საბოლოოდ განისაზღვროს ვინ არის ენგურჰესის მფლობელი?! ხაჯიმბას აზრით ამ საწარმოს მფლობელად აფხაზური მხარე უნდა გამოცხადდეს და დოკუმენტალურად უნდა განისაზღვროს იმ ენერგიის წილი, რომელსაც აფხაზეთი მიიღებს ენგურჰესიდან.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" დამფუძნებელს და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა:
„ენგურჰესის ძირითადი ნაწილი, კაშხალი განთავსებულია არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ განცხადება თავისი შინაარსით აბსურდულია, მაგრამ როგორც ჩანს მან მიიღო დავალება, რომ კიდევ უფრო გაურთულოს ცხოვრება საქართველოს და მისი ეს განცხადება რუსეთიდან გამომდინარეობს. ენგურჰესს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ უჩვენოდ ეგენი ვერ მიიღებენ დენს და უმაგათოდ ჩვენ ვერ მივიღებთ დენს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რომ თავის დროზე გარიგება შედგა 60/40-ზე.“- განაცხადა ვაშაკიძემ
ვაშაკიძე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავარი პროკურატურის დაადგინილებასაც გამოეხმაურა, დასკვნის მიხედვით „სახელმწიფო კომპანიის „ჩერნომორენერგო“-ს არაკანონიერი ქმედებების გამო ენგურჰესი საქართველოს კუთვნილებაში აღმოჩნდა.“ აღნიშნულ კომპანიას 2000-2004 წელს სერგეი ბაღაფში ხელმძღვანელობდა.
„მაგათი ეგრეთწოდებული პროკურატურა, რომელ ადამიანს ჩათვლის დამნაშავედ, მე არ მაინტერესებს, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკითხი თავისი შიდა პოლიტიკისთვისაც ჭირდებათ, სხვადასხვა კლანების შევიწროება უნდათ, მათი ე.წ პროკურატურის გადაწყვეტილებები ისეთივე უკანონოა, როგორც ის წარმონაქმნი, რასაც ისინი სახელმწიფოს უწოდებენ.“
ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, თავის დროზე ენგურჰესთან დაკავშირებით გარკვეული გარიგება რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა. ხაჯიმბას განცხადება იმის შესახებ რომ ენგურჰესის წარმოებულ ენერგიაში აფხაზეთის წილი დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს, მცდელობაა რომ დოკუმენტაციაში აფხაზეთი ოფიციალურად დაფიქსირდეს. ვაშაკიძის განცხადებით ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარე ხაჯიმბასთან არანაირ კონტაქტში არ უნდა შევიდეს, რადგან ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეა.
„თუ მათ უნდათ ელექტროენერგია, დაყაბულდნენ იმას, რაც აქვთ“ - აცხადებს ვაშაკიძე.
მასალის გამოყენების პირობები






