ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ხაჯიმბას განცხადებით, სისტემურ პრობლემებთან გამკლავების მიუხედავად , ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან რთულია, ბიუჯეტში არ შედის გადასახადები, ფაქტიურად ეკონომიკის არცერთი სფერო არ ფუნქციონირებს, მწვავედ დგას ენერგოუზრუნველყოფის და კომუნალური მომსახურების პრობლემები. ხაჯიმბას თქმით, ბოლო წლებში მიმდინარე სოციალური ობიექტების მშენებლობამ გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ მოიტანა.
რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარების არაეფექტურმა ხარჯვამ რუს პოლიტიკოსებში აფხაზეთის მიმართ უნდობლობა გააჩინა.
ხაჯიმბამ დადებითად შეაფასა აფხაზეთში აეროპორტის გახსნის პერსპექტივაც, ხაჯიმბას თქმით პროექტის განხორციელება უახლოეს ორ წელში მოხდება.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის აზრით, აფხაზეთს სჭირდება რკინიგზაც, პირველ რიგში, როგორც ბიუჯეტის შევსების ერთერთი მთავარი წყარო, თუმცა ხაჯიმბას თქმით, ეს პრინციპული საკითხი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.
მისივე ინფორმაციით, რუსეთში მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2015 წლიდან რუსეთის ფინანსური დახმარების ნაწილი აფხაზეთის ეკონომიკის რეალურ სექტორში პროექტების რეალიზაციისკენ იქნება მიმართული.
მასალის გამოყენების პირობები






