რომელმა კომპანიამ მიიღო აღნიშნული შეკვეთა რუსული სახელმწიფო კომპანია ,,აეროფლოტისგან“ და უქმნის თუ არა მათ უხერხულობას ოკუპანტი ქვეყნის დროშის განთავსება თბილისის ქუჩებში არსებულ ბილბორდებზე?
როგორც ,,ნიუპოსტმა“ გაარკვია რუსული სახელმწიფო ატირბუტიკის ე.წ. ,,ტრიკოლორის“ თბილისის ქუჩებში განთავსების შეკვეთა კომპანია ,,დელტა მედიამ“ განახორციელა. ,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის კომპანიის დამფუძნებელს გიორგი გახარიას დაუკავშირდა, რომელმაც, მისი თქმით, ,,დაკითხვის ფორმით საუბარი“ არ ისურვა და მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
„ჩვენ ვართ სააგენტო, ჩვენ გვიკვეთავენ, გვაძლევენ დიზაინს ვათანხმებთ ამ დიზაინს და ვანთავსებთ ბანერზე, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არც იქითა მხარეს და არც აქეთ, თუ რამე კანონმდებლობასთან არ მოდის ეს და დარღვევაა, მაშინ უნდა ვიცოდეთ და აქედან გამომდინარე გაგცემდით პასუხს.“ - განაცხადა „დელტამედიას“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ.
მიუხედავად ბიზნეს ინტერესებისა, რამდენად მიზანშეწონილია ოკუპანტის ქვენის დროშების გამოფენა სარეკლამო ბანერებზე, ამასთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი“ ზურაბ ჭიაბერაშვილს ესაუბრა. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება რომ უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს შეერთებოდა, ის პრობლემა, რომ საქართველოში რუსეთის დროშებია გამოფენილი სარეკლამო ბანერებზე, ეს საკითხი არ იდგებოდა.
,,ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის და ყოფნის პრობლემა ის არის, რომ ძალიან გაურკვეველი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. ერთის მხრივ ვამბობთ, რომ მივდივართ ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების გზაზე და მეორეს მხრივ ვხედავთ საპირისპირო ტენდენციას, რომ საქართველო ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებული ხდება. ამას ემატება ერთი სავალალო ფაქტი, რომ როდესაც ცივილიზებულმა სამყარომ, იქ სადაც ჩვენ გვინდა გაწევრიანება, სანქციები დაუწესა რუსეთს იმის გამო, რასაც ის სჩადის უკრაინაში, საქართველო ამ სანქციებს არ შეუერთდა. აქ საუბარი არ არის იმაზე, თითქოს ამ სანქციებზე შეერთებით საქართველო რაიმე ტიპის ეკონომიკურ ზარალს ნახავდა, აქ საუბარია სიმბოლურ ხასიათზე იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარია, ჩვენც უკრაინის მსგავს მდგომარეობაში ვართ და ჩვენ გვაწყობს მივებათ უკრაინას იქიდან გამომდინარე, რომ თუ უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე მოლაპარაკება შედგა და რუსეთმა უკან დაიხია, ეს ავტომატურად გულისხმობდა, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის უკან დახევასაც. ჩვენ რომ სანქციებს შევერთებოდით, ის პრობლემა რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ საქართველოში რუსეთის დროშებია გამოფენილი სარეკლამო ბანერებზე, ეს საკითხი არ იდგებოდა. ეს საკითხი დგას იმის გამო, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდა. ამიტომ თუ ეროვნული ინტერესების დაცვაზეა საუბარი, საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






