ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი შიშობს, რომ რუსულ-აფხაზური შეთანხმება იმ ანექსიის დასაწყისია რომელიც საბოლოოდ თბილისსაც შეუქმნის საფრთხეს და მას რუსეთის საარტილერიო ცეცხლის რადიუსში მოაქცევს.
კინზინგერი მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს ქართველი ჯარისკაცების წვრთნა. რუსეთმა კი აგრესიისათვის დიდი საზღაური უნდა გადაიხადოს.
"მე საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და ნატო-ში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერი ვარ. საქართველო ძალიან რთულ ვითარებაშია. ყველაზე იოლი გამოსავალი იქნებოდა ის, თუ ქვეყანა ტირან ჩრდილოელ მეზობელს მიუბრუნდებოდა, მაგრამ საქართველოს თავისუფლება სურს. მას უნდა, რომ ღია, თავისუფალი საზოგადოების ნაწილი იყოს. მე შევხვდი აშშ-ში საქართველოს ელჩს და ეს საკითხები განვიხილეთ.
აფხაზეთისა და რუსეთის შეთანხმებით, ვშიშობ, რომ ანექსიის ეტაპი დაიწყება. შეთანხმება, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯით გვაშორებს ანექსიას. რუსეთი უკანონო ქმედებას ჩადის. თუ სამხრეთ ოსეთთანაც მსგავსი შეთანხმება გაფორმდა, მივიღებთ ორი რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დედაქალაქსაც და მას რუსეთის საარტილერიო ცეცხლის რადიუსში მოაქცევს.
ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ჯარისკაცების წვრთნა. თუ ანექსია გაფორმდება, ამას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და სერიოზული ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოჰყვეს. საქართველომ ექვსი წლის წინ გადაიტანა ის, რაც უკრაინაში ხდება. მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ამის შესახებ. რუსეთმა აგრესიისათვის დიდი საზღაური უნდა გადაიხადოს. მე ვიცი, რომ საქართველო ჩვენი კარგი პარტნიორია ავღანეთში. მისი მეომრები მხნედ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცების გვერდით. ჩვენ ეს უნდა დავაფასოთ და გავაღრმაოთ კავშირები საქართველოსთან", - განაცხადა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციასთნ მიცემულ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






