ქართული დელეგაციის წევრებმა კომენტარები უკვე გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე ყველა ის აქტუალური საკითხი დაისვა, რაც ფორმატის ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემებს ეხება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულების აღების მნიშვნელობა.
მისი თქმით, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, რადგან ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ფაქტიური ანექსიისთვის დღეს უკვე ძალის გამოეყენება შეიძლება აღარც იყოს საჭირო და აუცილებელია, არსებობდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმები.
დონდუამ ასევე განმარტა, რომ ნატო-თან საქართველოს თანამშრომლობა არ არის ჟენევის მოლაპარაკებების თემა და, თუ რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, კითხვები შეუძლიათ სხვაგან დასვან და პასუხს მიიღებენ.
საქართველოს დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი, აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ორივე ჯგუფის ფარგლებში მწვავედ დააყენა იმ შეთანხმებების საკითხი, რომელსაც აქვს უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით გარკვეული რისკები.
მან იმედი გამოთქვა, რომ თანათავმჯდომარეების და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქართული მხარე შეძლებს კითხვებზე პასუხის მიღებას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე, კი განმარტავს, რომ კარასინის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, საგარეო ურთიერთობებისა და კონკრეტული ქვეყნის არჩევანის საკითხი ჟენევის ფორმატში მოაქციოს.
მისი თქმით, ქართული დელეგაცია იმავე პრინციპებით განაგრძობს მუშაობას, როგორც ეს ადრე იყო.
მასალის გამოყენების პირობები






