„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, მთავრობის უფრო მაღალი თანამდებობის პირების გადადგომას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო სამსახურიდან გაურკვეველი მიზეზებით თანამდებობიდან წასვლა სახელისუფლებო კრიზისის ნიშანია.
"ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა უფრო მეტი ცვლილება გამოიწვიოს მთავრობაში. არის ექსპერტების მოსაზრებები, რომ შესაძლოა ამ კრიზისმა პრემიერის გადადგომაც გამოიწვიოს. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. შვიდი თუ რვა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა სამსახური ერთ კვირაში. არც ერთი არაა მინისტრი, თუმცა მათ მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ. ისინი ღარიბაშვილის ძირითადი დასაყრდენი ძალა იყვნენ. პრემიერს ეს ძალა გამოაცალეს. ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ჩემი აზრით, ეს ცვლილებები ნათესაურ-კლანური ჯაჭვის წინააღმდეგ ქმედებებმა გამოიწვია“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






