სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა. სამების ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის ნეშთები ასვენია, რომელთაც, დღეს, სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 15:00 საათზე დაკრძალავენ.
ბაბუშერას აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ეგზჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






