თბილისში მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მისი ქართველ კოლეგის შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა სოჭში ხელმოწერილი რუსულ-აფხაზური ე.წ. შეთანხმება იყო.
თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არის რეალობა და ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც არის სტიმული საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის კუთხით, როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, ამ შეთანხმების დანერგვა ახლა დაიწყო და დრო და ენერგია სჭირდება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობამ აქედან მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს რეალური სარგებელი.
მისივე თქმით საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა.
"გერმანია ცდილობს ეს საქართველოსთან ერთად გააკეთოს, მაგრამ ასოცირების შეთანხმება არ არის ერთაერთი აქტი, ერთადერთი დოკუმენტი საქართველო-ევროკავშირს შორის. ასევე, ხდება ვიზების ლიბერალიზაცია და ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი, ძალიან ცოტა დარჩა უვიზო მიმოსვლამდე. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება. საქართველოს აქვს მკაფიო და გამჭვირვალე ვალდებულებები ნაკისრი და ახლა უნდა მოხდეს ამის შესრულება", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საუბარი აგრეთვე შეეხო 2017 წლის საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადებას და გამოითქვა ამ საიუბილეო თარიღის სათანადოდ აღნიშვნისთვის მზადყოფნა.
თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი აგრეთვე გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.
მასალის გამოყენების პირობები






