საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ევროპული არჩევანის გამო მუდმივად მუქარას, დაშინებას და დასჯას განიცდის.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პოლონელ ექსპერტებთან საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში შეხვედრისას განაცხადა.
„საუბარი უნდა დავიწყო იმ სამწუხარო ფაქტზე საუბრით, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ დაიგეგმა. ერთი თვის წინ გავიგეთ რომ რუსეთი აპირებდა შეთანხმების გაფორმებას ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან. ახლა კი შევიტყეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თანამდებობის პირებისგან, რომ საქართელოს ეს ნაწილიც რუსეთთან მსგავს დოკუმენტს აწერს ხელს. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც საერთო მომავალსა და მიზნებზე შენდება. თუმცა განუწყვეტლივ განიცდის მუქარას, საფრთხეს და დასჯას მისი თავისუფალი გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის გამო, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






