მუსიკის სიყვარული მამამ და პაპამ ჩაუნერგეს, აკორდეონიც უყიდეს, რათა მშობლიური თუშური სიმღერები შეესრულებინა, დედა კი ოცნებობდა, მისი ვაჟი ექიმი გამხდარიყო.
12 წლის ასაკში უმძიმეს ავარიაში მოყვა. საავადმყოფოში სისხლისგან დაცლილი მიიყვანეს, ექიმებმა მორგშიც კი გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩა. 17 წლისა დაობლდა. ეკლესიის კარამდე დიდი ძიების შემდეგ მივიდა. ახლა მედავითნე გახლავთ. ჰყავს ცოლი, ორი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი. მისი შემოსავალი რესტორანში სიმღერაა. ამონარიდი გოჩა ჭაბუკაიძის "სარკესთვის" მიცემული ინტერვიუდან.
– ბატონო გოჩა, როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში სიმღერის სიყვარული?
– მამაჩემი, ნოდარ ჭაბუკაიძე, მუსიკოსია, ბრწყინვალედ მღერის. ერთ დღეს დედაჩემისთვის უთქვამს, ეგებ გოჩასაც აქვს მუსიკალური სმენაო და საბავშვო აკორდეონი მიყიდეს. მელოდიების აწყობა დავიწყე. 5 წლის ვიყავი, აკორდეონს ვერ ვერეოდი და ოჯახის წევრებს დავდევდი, რომ გაეწიათ.
– მაინცდამაინც აკორდეონი რატომ გიყიდეს და არა, ვთქვათ, პიანინო ან გიტარა?
– წარმოშობით თუში ვარ. ჩემი სოფელია ბართლო. პაპაჩემიც დიდი მუსიკოსი იყო, თუშურ მელოდიებს უკრავდა. მუსიკა მან შემაყვარა. მშობლებმა რუსთავში მუსიკალურ სასწავლებელში, აკორდეონის ხუთწლედში შემიყვანეს. შემდეგ დიდი აკორდეონი მიყიდეს. დიდი მუსიკოსების ნაწარმოებებს ვუსმენდი და ისე ვაწყობდი. კონკურსზეც კი გამიყვანეს. ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, სცენაზე მარტო აკორდეონი გამოვიდა, მე არ ვჩანდი.
დედას ჩემთან მიმართებაში სულ სხვა გეგმები ჰქონდა, უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. მას სურდა, კიბოს წამალი გამომეგონა. დედაჩემი ცოცხალი აღარ არის.
– დედა ამ ვერაგი სენით ხომ არ გარდაიცვალა?
– დიახ. 38 წლის იყო. 17 წლისა დავობლდი.
– ზუსტად იმ ასაკში ყოფილხართ, როდესაც მოზარდები პროფესიას ირჩევენ. არ სცადეთ, დედის სურვილი აგესრულებინათ?
– ვცადე. სკოლაში 8 კლასამდე ვისწავლე, შემდეგ პროფესიულ ტექნიკუმში გადავედი. ხარატი ვარ. მეტალურგიულ ქარხანაშიც მიმუშავია, ყველანაირი ცხოვრება მაქვს გავლილი, ოღონდ პატიოსნად. სამედიცინო ინსტიტუტის მისაღებ გამოცდებზე ერთი გამოცდის ჩაბარება მჭირდებოდა, ოღონდ 5–იანი უნდა მიმეღო, მაგრამ 2–იანი მივიღე. გასაჩივრებაზე რომ მივედი, პროფესორს ვთხოვე, ჩემი შეცდომები თავად გამერჩია. რა შეცდომებიც მქონდა, ყველაზე ვუთხარი, აქ ასე უნდა დამეწერა, აქ კი ასე–მეთქი. პროფესორმა მითხრა, ასე რომ დაგეწერა, 5–იანს მიიღებდიო. ავუხსენი, რომ დედა სასიკვდილოდ მყავდა გადადებული და ჩემი ფიქრები მისკენ იყო მიმართული.
დედას ეს დარდი ჩაჰყვა მიწაში, რომ ექიმი ვერ გავხდი. მას მერე აღარ მიცდია ექიმობა, ჯარში გამიწვიეს.
შვილებმა იცოდნენ, რომ "ნიჭიერში" გასვლას აპირებდით?
– არამხოლოდ შვილებისთვის, მეუღლისთვისაც კი მოულოდნელი იყო "ნიჭიერში" ჩემი გამოჩენა. ჩაწერაზე რომ მივდიოდი, მხოლოდ ჩემს მოძღვარს დავურეკე და ვთხოვე, დაველოცე. შემდეგ, შოუს ტურები რომ დაიწყო, გულმა აღარ მომითმინა და ვუთხარი, არ გაგიკვირდეთ, მეც რომ ამ პროექტში მნახოთ–მეთქი. ქალიშვილმა საფრანგეთიდან ტირილით დამირეკა და მომილოცა. შვილებს ყოველთვის ძალიან უნდოდათ, რომ რომელიმე მუსიკალურ შოუში მიმეღო მონაწილეობა.
– მედავითნე ბრძანდებით. ეკლესიის კარამდე რამ მიგიყვანათ?
– დავიწყებ იქიდან, რომ ფაქტობრივად მკვდრეთით ვარ აღმდგარი. 12 წლის ასაკში ისეთ ავარიაში მოვყევი, თავიდან ბოლომდე დალეწილი ვიყავი. ბიძას მივყავდი მანქანით. ბედი ის იყო, რომ ჩვენს მანქანას უკან მოჰყვებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც სხვა გამოძახებაზე მიდიოდა. საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, სისხლისგან დაცლილი ვიყავი და მორგში გადამიყვანეს. ბიძამ რომ მომიკითხა, ექიმებმა უთხრეს, მოკვდაო. მოითხოვა, სანამ ბავშვს არ მანახებთ, ახლოს არ მოგიშვებთ, რომ მიმკურნალოთო. ამომიყვანეს მორგიდან. გულში ადრენალინი გამიკეთეს. ერთი აღმომხდა, ვაი–მეთქი და მერე დაიწყეს ექიმებმა ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა. ჩემი ახალგაზრდა მშობლები ამ ამბის შემდეგ მოხუცებს დაემსგავნენ.
– ამის შემდეგ გახდით ეკლესიური?
– 12 წლის ასაკში სიტყვა "ღმერთი" არ ვიცოდი. ერთი კი მიკვირდა, დედა კუთხეში რომ დადგებოდა, მაწვნის ქილაში სანთელს ანთებდა და ლაპარაკს იწყებდა, ვის ესაუბრებოდა. დედაც და მამაც უზომოდ კეთილი ადამიანები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, მათმა გაცემულმა სიკეთემ გადამარჩინა.
ლუკას სახარებაში წავიკითხე, "რასაც გასცემ, ყველაფერი პირთამდე გატენილი მოგეწყვება შენ". ერთხელ სიონის ტაძარში შევედი. მაშინ 23 წლის ვიყავი. ეკლესიიდან რომ გამოვედი, ერთი ადამიანი ხელგაწვდილი მოვიდა და მითხრა, დამეხმარეო. საფულე გავხსენი და ფული მივეცი. ეს რომ სხვებმა დაინახეს, მთელი არმია წამოვიდა ჩემკენ. ფული ბოლო კაპიკამდე დავარიგე. რესტორანში მხარგაშლილი მივედი, ვფიქრობდი, რომ მე დღეს გავეცი და უნდა მივიღო იგივე... იმ დღემ ისე ჩაიარა, კაციშვილი არ შემოსულა რესტორანში. მეზობელმა რუსთავში თავისი მანქანით ჩამიყვანა, გზის ფულიც კი არ მქონდა.
საღამოხანს კარზე გაისმა ზარი და რესტორნიდან მოვიდნენ მუსიკოსები, რომლებსაც კლავიში სჭირდებოდათ. სიამოვნებით წავყევი მათ. სასწაული ის არის, რომ კლავიში სახლში არასდროს მიმქონდა. იმ დღეს კი რატომღაც წავიღე. მივედით რესტორანში და წამოვიდა და წამოვიდა შეკვეთები, მოდის ფული და თვლა არ არის. რომ მოვრჩით, მეგობრებს ვუთხარი, ჩემი ჰონორარი დაკუჭეთ და ჯიბეში ისე ჩამიდეთ–მეთქი. არ მინდოდა, გამეგო, სახლში რამდენი მიმქონდა. შევედი ოთახში, დავიჩოქე და საჩქაროდ თვლა დავიწყე. ზუსტად ის თანხა აღმოჩნდა, რომელიც იმ დღეს ხელგაწვდილებს დავურიგე. მაშინ კი ცუდად გავხდი. ბავშვივით ტირილი ამივარდა. ეს იყო ჩემი ჭეშმარიტი ცრემლი, ემოცია, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია. ვამბობდი, შენ ყოფილხარ, ღმერთო, თურმე ამხელა პატრონი მყოლიხარ და მე კი თავს ობლად ვგრძნობდი–მეთქი. რადგან ღმერთი აღმოვაჩინე, სადაც ღმერთს მადლობენ, მეც იქ მივედი.
– მედავითნე როგორ გახდით?
– პირველი მოძღვარი მყავდა რუსთავში – მამა თეიმურაზ ტუღუში, შემდეგ აღმოვჩნდი მამა ზაქარია ზიბზიბაძესთან თბილისში, ლურჯ მონასტერში. ძველი ქართულიც ვისწავლე და ხუცური დამწერლობაც. შემდეგ დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში ვგალობდი, მამა ილია ჩაკვეტაძის მრევლი გავხდი. ერთხელ მედავითნე ვერ მოვიდა. მოძღვარმა პარაკლისი რომ დაასრულა, ვუთხარი, სხვა დროს მედავითნე თუ არ იქნება, შემიძლია მე დაგეხმაროთ–მეთქი. მაშინვე გადამსახა პირჯვარი და მითხრა, დღეიდან შენ მედავითნე იქნებიო.
ერთი კი ზუსტად ვიცი, როცა მოვა ამის დრო, მონასტერში აუცილებლად წავალ.
წყარო: sana.ge
მასალის გამოყენების პირობები






