საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა მიიჩნევს, რომ საქართველოს დიდი დიპლომატიური ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება ევროპისა და ამერიკისთვის იმის საჩვენებლად თუ რა ხდება დღეს რეგიონში, რადგან მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი.
დონდუამ აგრთევე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან დაგეგმილ შეხვედრაზე, მისი თქმით დიდი ყურადღება დაეთმობა რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხს და იმას თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამ ფაქტმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო ქმედითი უნდა იყოს საქართველოსთან მიმართებაში.
”ჯერ კიდევ 2008 წელს რომ ყოფილიყო ადეკვატური რეაქცია დასავლეთის მხრიდან, ასეთი გაგრძელება არ მოჰყვებოდა უკრაინაში. დღეს მთელი ყურადღება გადატანილი არის უკრაინისკენ და ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, რა ხდება ჩვენს რეგიონში და ამ კონკრეტულ ხელშეკრულებას შევხედოთ არა როგორც დოკუმენტს, არამედ როგორც პროცესს, რომელიც ახლა არ დაწყებულა _ დაიწყო 2008 წელს და აუცილებლად ექნება გაგრძელება ძალიან მძიმე შედეგებით არა მარტო საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ არის საჭირო ადეკვატური რეაქცია, რომ მისი სავალალო შედეგები შევამციროთ“ განაცხადა დავით დონდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






