მხარეებმა ასევე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების აუცილებლობაზე, რადგან ის საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობას გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში.
შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით.
ტოივო კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა. იგი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას, სანამ ევროკავშირი შესაბამის კანდიდატურას აარჩევს, ტოივო კლაარის მოადგილე რაიან გრისტი შეასრულებს.
ბრიტანელი რაიან გრისტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე თებერვალში დაინიშნა, რაც საქართველოში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მიუღელბლად მიიჩნიეს.
რაიან გრისტმა, ბრიტანული არმიის ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო ომის დაწყებისას, ზოგიერთ დასავლურ მედიასთან, მათ შორის New York Times-სთან და BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “7 აგვისტოს საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე აბსოლუტურად არაპროპორციული იყო ნებისმიერი პროვოკაციისა, თუ პროვოკაცია საერთოდ იყო”.
ის ასევე აცხადებდა, რომ 7 აგვისტოს ოსურ და რუსულ ფორმირებებს ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნიათ. გრისტის განცხადებების უარყოფა, ეუთო-ს მისიის მაშინდელ ხელმძღვანელს ტერი ჰაკალას მოუწია.
მოგვიანებით გრისტმა განმარტა, რომ მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. თუმცა, ის მაინც აცხადებდა, რომ ქართული შეტევა არაპროპორციული იყო და ამას აუცილებლად რუსეთის პასუხი მოჰყვებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






