„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, საქართველოს მთავრობას ისტორიული შანსის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობამ რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა უნდა შესთავაზოს.
მისი თქმით ეს პროექტი, ქვეყნის ჭკვიანი მმართველის პირობებში, საქართველოსთვის პრობლემების მოგვარების სერიოზული შესაძლებლობა იქნება.
"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, თუ როგორ იცავენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს გაბედული ლიდერები. თურქეთმაც კი, რომელიც არის ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ყველას აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის, ან სახელმწიფოთა ჯგუფის ინტერესები. სამწუხაროდ, საქართველოს არ ეღირსა გამბედავი და დამოუკიდებელი მთავრობა, რომლისთვისაც უპირველესი ჩვენი ქვეყნის ინტერესებია. მივმართავ მთავრობას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთს და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა! ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, მათ შორის ევროპაშიც. მოიტანს სერიოზულ პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს და რაც მთავარია, გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას. ჩვენ ჩვენი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და არ უნდა შევწიროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ორ სუპერსახელმწიფოს შორის გავლენის სფეროებისათვის ბრძოლას. ყველა ის პოლიტიკოსი ვისაც ესმის პოლიტიკა და არ ასრულებს დაკვეთას გარედან, მიხვდება, რომ ეს ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ქართული ინტერესების უზრუნველყოფას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






