საქართველოს მთავრობა 2 წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობას წარუდგენს. რეგიონებიდან მთავრობის ანგარიშის პირველი პრეზენტაცია იმერეთში გაიმართა, სადაც სამინისტროების პირველმა პირებმა საზოგადოებას რეგიონში 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, პროგრამებსა და ასევე, სამომავლო გეგმებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მთავრობის წევრებთან ერთად, ადგილობრივებს საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმაც წარუდგინა. აღნიშნული ღონისძიებები პროექტ - "საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის", ფარგლებში იმართება.
როგორც პრეზენტაციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა განაცხადა, 2013 - 2014 წლებში იმერეთის რეგიონში 358,418,4 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ხოლო 465,5 მლნ ლარის ოდენობის პროექტები მიმდინარეობის პროცესშია. იმერეთში საავტომობილო გზების მშენებლობის 34 პროექტის დაფინანსებაზე კი 332,6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დეტალურად მიმოიხილა ყველა ის პროექტი, რომელსაც მთავრობა საქართველოში და კონკრეტულად, იმერეთში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და მეწარმეობის განვითარების წახალისებისთვის ახორციელებს. მათ შორის, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გადაიარაღების მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტის მესამე კომპონენტით მხოლოდ იმერეთის რეგიონში 4,400 მილიონ ლარის 67 სესხი გაიცა; ხოლო აგროკრედიტის მეორე კომპონენტით საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის 17 252 სესხი, რომელთა ჯამური ღირებულება 309,944,306 ლარია. ამასთან, მინისტრის განცხადებით, მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში იმერეთის 164 458 ბენეფიციარისათვის 17 071 904 ლარი გამოიყო, 2013 წელს კი 154,026 ბენეფიციარმა სახელმწიფოსგან 36,103,092 ლარი მიიღო.
"სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მსგავსად, 2013 წლიდან წარმატებულად მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში და მათ შორის, იმერეთში სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაცია, რომლის მასშტაბის სამუშაოები ბოლო 25-30 წელია არ განხორციელებულა", - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონში 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა 99 785, 00 ლარით დაფინანსდა. 2014 წელს განახლდა იმერეთის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მანქანების ავტოპარკიც, რეგიონს ჯანდაცვის სამინისტრომ სულ 12 მაღალგამავლობისა და 7 საშუალო გამავლობის ავტომობილი გადასცა.
განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით კი, იმერეთის მასშტაბით 237 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა და ერთი ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ჯამური ღირებულებით 99 785, 00 ლარი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის მამუკა ცოტნიაშვილის ინფორმაციით, დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის მიხედვით, იმერეთის რეგიონში 24 755 დევნილი ცხოვრობს (ქუთაისში - 11 786). დღევანდელი მდგომარეობით იმერეთის რეგიონში დევნილებს 10 რეაბილიტირებული ობიექტი (სულ 488 ბინა, 1700 დევნილი) გადაეცა.
ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმერეთის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმაც.
მისივე თქმით, იმერეთში 2014 წელს გაზიფიცირდა 2, 230 აბონენტი. უახლოეს მომავალში კი გაზიფიცირდება კიდევ 3,966 აბონენტი. ასევე 2014 წელს გამრიცხველიანდა 12,741 აბონენტი, 2015 წლისთვის კი მათ რიცხვს კიდევ 17, 339 აბონენტი შეემატება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რაც შეეხება იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის განცხადებით, საერთაშორისო კონვენციით დადგენილი და მიმდინარე პროცესი არქიტექტურულ კომპლექსში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველი ექსპერტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადებითად ფასდება. ამასთან, დაიწყო გეგუთის სასახლის რეაბილიტაცია; ჭალოვანში, მერევში, სავანეში და თერჯოლაში მე-13 საუკუნის მონასტერსა და კიდევ რამდენიმე ათეულ ეკლესიას პირვანდელი სახე დაუბრუნდა; მომზადდა ჯიხაიშში ნიკო ნიკოლოძის სახლმუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტი. სააგენტომ ასევე უკვე მოამზადა მეთოდურად გამართული საპროექტო დოკუმენტაცია უბისის, კაცხის ეკლესიისა და კაცხის სვეტის აღდგენისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით.
მთავრობის ადმინისტრაციით ინფორმაციით, მთავრობის ორი წლის საქმიანობის ანგარიშის შემდეგი პრეზენტაცია 5 დეკემბერს კახეთში, მოგვიანებით კი, საქართველოს სხვა რეგიონებში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






