პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით საქართველოს საგარეო უწყებას უკრაინასთან დაკავშირებით უფრო აქტიურად უნდა ემუშავა და უფრო ხშირად ჩასულიყვნენ კიევში.
ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ უკრაინის მთავრობაში ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნასთან და ასევე მოქმედი ელჩის ზვიად ჯანყარაშვილით ჩანაცვლების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
თედო ჯაფარიძის თქმით, კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა გარკვეულ უხერხულობებს ქმნის, მაგრამ თავად უკრაინის სუვერენული უფლებაა და საშინაო პოლიტიკის საკითხია, თუ ვის დანიშნავს მინისტრად.
ჯაფარიძე უკრაინაში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას შესაძლო შეცვლის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა , რომ მარტო უკლება ვერაფერს გახდება.
"მიხეილ უკლება ჩემი ახლო მეგობარია, ის უმაღლესი რანგის პროფესიონალია და ძალიან კარგი ელჩია, მაგრამ მარტო ელჩი ვერაფერს გახდება. უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო უკრაინასთან კონტაქტის თვალსაზრისით საგარეო უწყება, მთავრობის წევრებიც უფრო ხშირად უნდა ჩასულიყვნენ ვიზიტით კიევში და მაშინ ელჩსაც უკეთ გაეხსნებოდა ხელები. მიხეილ უკლებას ზვიად ჯანყარაშვილით შეცვლის თაობაზე საგარეო კომიტეტს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. არ ვიცი, რა სტატუსით ჩადის უკრაინაში ზვიად ჯანყარაშვილი, როცა იქ გვყავს მოქმედი ელჩი", - განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილით ჩანაცვლებას უარყოფს.
როგორც ბრიუსელში მყოფმა მინისტრმა განაცხადა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და მიხეილ უკლება მუშაობას აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები






