„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებებს უკრაინაში სერიოზულად არავინ არ აღიქვამს.
ამის შესახებ ვაშაძემ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
„ამ ბრალდებებს სერიოზულად არც არავინ განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ხშირად გაისმის ხოლმე ზარები, რათა პროცესი შეაფერხონ”, - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას, ვაშაძის თქმით ალექსანდრე კვიტაშვილის და ეკა ზღულაძის გარდა სხვა კანდიდატებზეც არის საუბარი.
„დღეს უკრაინა 2000-2004 წლების საქართველოს ჰგავს და სჭირდება რეფორმების ტალღა. ამ ხნის მანძილზე საქართველოდან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა იმუშავა სხვადასხვა მიმართულებით და თითოეულმა მათგანმა საკუთარი პროფესიონალიზმი აჩვენა. ამდენად, ეს სრულიად პრაგმატული გადაწყვეტილებაა, რათა ქვეყანაში დაიწყოს სწრაფი გარდაქმნები. იხილება სხვადასხვა კანდიდატურები და ამის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






