„ტაბულას“ დამფუძვნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
„იმ ჟურნალისტების და სააგენტოების საყურადღებოდ, რომელთაც ჩემი კომენტარის მოსმენა სურთ ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ავტორის მოსაზრებაზე ჩემს შესახებ:
ამა თუ იმ ჟურნალისტის მოსაზრება ჩემს შესახებ მეჩვიდმეტეათასეხარისხოვანია.
ჩემთვის მნიშვნელოვანი სტიგმატიზებული უმცირესობების უფლებებია ამ კონტექსტში და არა ის, თუ ვინ რას დაწერს ჩემზე.
შესაბამისად, ნუ მიწყენთ, თუ დროის ფუჭ ფლანგვად მივიჩნევ გამოხმაურებას იმ საკითხზე, რაც ესოდენ უმნიშვნელოა.
შემიძლია დიდხანს გესაუბროთ იმაზე, თუ რა ზიანი მოაქვს მედიის მიერ მოწყვლადი ჯგუფების დემონიზებას. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხებისთვის დრო არ მენანება“, - წერს სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილი.
„ნანუკას შოუ“ ტელეკომპანია „ტაბულას“ ეთერით გასულ გადაცემას განცხადებით გამოეხმაურა.
„...ტაბულამ გადაცემა "თეორემა" მიუძღვნა თემას, რაც ბუნებრივია ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ არა ყველაზე ელემენტალური ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა.
გადაცემის წამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გაუშვა ეთერში სიუჟეტი, სადაც ნანუკას შოუს წამყვანის ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
გადაცემაში არ გაუშვეს არცერთი სიტყვა იმ რესპოდენტის ისტორიიდან ( იეჰოვას ყოფილი მოწმე იყო სტუმრად) რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანის ეს რეპლიკები მოჰყვა.
რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი, სტუმრად მოსულ ადამიანთან ხელოვნურად ცდილობდა ამ თემის წამოწევას. რეალურად კი რესპოდენტი მოვიდა გადაცემაში მხოლოდ იმიტომ, რომ ესაუბრა, რატომ თქვა უარი იეჰოვას მოწმეობაზე და რატომ გახდა მართლმადიდებელი“, - ნათქვამია ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






