უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურა დაადასტურა უკრაინის უმაღლეს რადაში პეტრო პოროშენკოს ფრაქციის წევრმა მუსტაფა ნაიემი, რომელიც ეკა ზღულაძეს მაშინ შეხვდა და გაესაუბრა, როდესაც ზღულაძე ფრაქციასთან შესახვედრად ემზადებოდა. ნაიემი ზღულაძესთან საუბრის დეტალებზე წერს.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნულიყო, ზღულაძემ უპასუხა, რომ საქართველოს და უკრაინას საბჭოთა წარსულის სახით საერთო მტერი ჰყავს, რომელიც მას არ მოსწონს არც უკრაინაში და არც საქართველოში.
“მე სამსახური არ მჭირდება, ახლა კარგ თანამდებობაზე ვარ. მაგრამ, ესეთი შანსი ხშირად არ მოგეცემა, მითუმეტეს მეორედ. ჩვენ საერთო მტერი გვყავს. რუსეთზე არ ვლაპარაკობ, არამედ ჩვენს საერთო საბჭოთა წარსულზე, რომელიც წლიდან წლამდე გვეწევა. მე ეს არ მომწონს ჩვენთან და არც უკრაინაში. ასევე უკრაინაში არ მომწონს ყინვები, საყოველთაო ნიჰილიზმი და იმის რწმენა, რომ არაფერი გამოვა. ჩვენთანაც ასე იყო და ამიტომაც არ მომწონს. მე კი მჯეროდა და დღესაც მჯერა,“ - თქვა ეკა ზღულაძემ ნაიემის ინფორმაციით.
უკრაინის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვა დღეს მიხეილ სააკაშვილმაც დაადასტურა. მათ შორის განიხილება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობა, რომელიც იმავე პოსტს იკავებდა საქართველოს მთავრობაშიც.
მასალის გამოყენების პირობები






