როგორც ქუცნაშვილი განმარტავს, პრეზიდენტმა პარლამენტისთვის კანონების შინაარსის კარნახი დაიწყო, როდესაც ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტმა ვეტო პროექტის მიზანშეწონილობის მოტივაციით გამოიყენა. ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლის უფლება არა აქვს და შეიძლება ადგილი ჰქონდეს მცდელობას, ვეტოების გამოყენებით აღნიშნული უფლება მოიპოვოს.
"საქართველოს პრეზიდენტი შეეცადა პარლამენტისთვის კანონების შინაარსი ეკარნახებინა და მიიღო ის, რომ პარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ერთი მცირე ჯგუფის გარდა, განცვიფრებული იყო. გამოიყენეს კიდეც ტერმინი – იმედგაცრუებული. შესაბამისად, მივიღეთ სიტუაცია, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოყენებით შეეცადა, კანონის შინაარსში ჩარეულიყო. ისმის კითხვა, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება კანონების შინაარსში ჩაერიოს? კონსტიტუციური რეფორმის კვალობაზე, როცა ახალი პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და აღარ ახორციელებს და წარმართავს პოლიტიკას, რამდენად აქვს მას უფლება კანონების შინაარსში ჩაერიოს და შენიშვნები კანონების შინაარსზე გამოთქვას? მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებში ვერ იქნა მითითებული ვერც ერთი კონსტიტუციური დებულება, კონსტიტუციის ვერც ერთი მუხლი, რომელსაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგებოდა. ამიტომაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მის მიერ კანონპროექტზე ვეტო უფრო მიზანშეწონილობის მოტივით იყო დადებული, ვიდრე კონსტიტუციასთან შეუსაბამობის ან კონსტიტუციის რომელიმე მუხლის დარღვევის მოტივით. ჩემი აზრით, იმ კონსტიტუციურ სისტემაში, რომელშიც საქართველო არის, ანუ ვისწრაფვით საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და პრეზიდენტი აღმსარულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, პოლიტიკის განმსაზღვრელი და წარმართველი აღარ არის, პრეზიდენტის ვეტოს უფლება შეზღუდული უნდა იყო კონსტიტიციური პრინციპების დაცვით. პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება – ამას ჩვენ არ უარვყოფთ, მაგრამ ამ უფლების საფუძველი უნდა იყოს კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლა – მისი ვარაუდი, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კონსტიტუციის რომელიმე მუხლს, დებულებას ეწინააღმდეგება და არა მიზანშეწონილობის მიტოვი. თუ პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენება კანონპროექტების მიზანშეწონილობის მოტივით დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პარლამენტს საკანონმდებლო პოლიტიკის კარნახს დაუწყებს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






