საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. აღნიშნულ ანგარიშზე კომენტარისთვის „ნიუპოსტი“ დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, რომელსაც ე.წ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაცია დიდი ტრაგედიაა ქართველების და ჩეჩნებისთვის და ამ თემით მანიპულირება დაუშვებელია.
„ლაფანყურის სპეცოპერაცია არის დიდი ტრაგედია ქართველი და ჩეჩენი ხალხის ისტორიაში და ამ ტრაგედიას მიეცა სათანადო და ადეკვატური შეფასება საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების და ჩეჩემი მებრძოლების და მათი მეთაურების მხრიდან.
ძალიან სამწუხაროა რომ ამ დაძაბულ პერიოდში, სახალხო დამცველი დგამს მავნებლურ ნაბიჯს, რომელმაც შეიძლება ააფეთქოს, მთლიანად სტაბილურობა ამ რეგიონში. სახალხო დამცველი თამაშობს ცეცხლთან, ვინაიდან ეს არის ძალიან ფაქიზი თემა, რომლის გამოყენება, რაღაცა პოლიტიკური მიზნებისთვის არის დაუშვებელი.“- აღნიშნავს შაშკინი.
დიმიტრი შაშკინი აღნიშნულ ანგარიშს სიცრუეს უწოდებს და ამის დასადასტურებლად რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:
„რაც ამ დასკვნაში წერია არის სრული ბოდვა, მე არ ვაპირებ დეტალურ განხილვაში შესვლას , მაგრამ საზოგადოებისთვის მხოლოდ რამდენიმე გავამახვილებ ყურადღებას :
სახალხო დამცველი და ეს კომისია აკეთებს თავის დასკვნებს სპეცოპერაციაში უშუალო მონაწილე ადამიანების დაკითხვის გარეშე, არც ხელმძღვანელები და არც მონაწილე პირები ამ მავნებლურ „კომისიასთან“ არ თანამშრომლობენ და არც ითანამშრომლებდნენ, ვინაიდან ვერცერთი ნორმალური ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო ამ მავნებლობაზე არ წავა, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც, რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ რიტორიკას და დე იურე ახდენს აფხაზეთის ანექსიას და იანვარში იგივეს გაკეთებას აპირებს ცხინვალთან დაკავშირებით.“
შაშკინის თქმით გარდაცვლილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მათი ექსპერტიზისთვის მომზადებაში რეგულაციით გათვალისწინებულ ფარგლებში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველებმაც მიიღეს:
„ ე.წ დასკვნაში წერია რომ სპეცოპერაციის შემდეგ არ ჩატარებულა ექსპერტიზა, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები ეხმარებოდნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომ ჩატარებულიყო სრულყოფილი და დროული ექსპერტიზა. ოპერაციის შემდეგ ყველა გარდაცვლილი იყო გადაყვანილი ექსპერტიზის ბიუროში. სამხარაულის ბურომ გვთხოვა, რომ მისულიყვნენ სამხედრო გამნაღმველები, რათა უზრუნველყოფილიყო უსაფრთხოება პერსონალის რომელიც ატარებდა ექსპერტიზას. რეგულაციებით ასეთ შემთხვევაში ჯერ მუშაობენ გამნაღვმელები, იმიტომ რომ შესაძლებელია გარდაცვლილზე იყოს ასაფეთქებელი ნივთიერება და ა.შ.“
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უარყოფს დასკვნაში მოტანილ იმ ფაქტსაც, თითქოს ის ძალოვანები, რომლებიც სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ, ჩეჩენ მებრძოლების ლაფანყურის ხეობაში გასვლის პირველივე დღიდან მთთან ერთად იმყოფებოდნენ, მათ შორის სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძეც:
„თავდაცვის სამინისტრო სპეცოპერაციაში ჩაერთო ევაკუაციის დროს, საქართველოს კანონმდებლობით ვერტმფრენები ეკუთვნის ამ უწყებას , თავდაცვის სამინისტრო ახორციელებდა სამაშველო-ევაკუაციის ოპერაციას და ერთერთი დაჭრილის ევაკუაციის დროს იყო სასიკვდილოდ დაიჭრა ჩვენი ექიმი.“- ამბობს შაშკინი.
დიმიტრი შაშკინის თქმით- „ბოდვა რაც ამ დასკვნაშია ბაზებზე და იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა, და ა.შ. ეს არის რუსული დაკვეთის შესრულება, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ან ჩვენ გვაქვს კონკრეტულ ვალდებულების შესრულებასთან საქმე სახალხო დამცველის და მისი კომისიის მხრიდან, ან ეს არის უზნეობის და უვიცობის ზეიმი.
ეს ყველაფერი რაც მოხდა არის ძალიან დიდი უბედურება და ამ უბედურებით სპეკულირებამ შეიძლება ააფეთქოს მთელი რეგიონი ,ძალიან მალე მოვა დრო და გაეცემა იმ კითხვას პასუხი ეს არის ამ კომისიის და სახალხო დამცველის მხრიდან უვიცობა თუ კონკრეტული დავალების შესრულება. გამოძიებისთვის არსებობს პროკურატურა და შსს და არა სახალხო დამცველი.“- განაცხადა შაშკინმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






