პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა.
პარლამენტმა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დღეს დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი ამჯერად 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინაარმდეგ კი ხმა 13-მა მისცა. ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. მან ამის შესაძლებლობა ე.წ. გასაღების დატოვებით შეინარჩუნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიცემული მეორე "გასაღები" კი, მხოლოდ ფარულ სატელეფონო მოსმენებისას იმუშავებს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული პაკეტით, ინპექტორის მონაწილეობით ორსისტემიანი ელექტრონული კონტროლი მხოლოდ ფარული სატელეფონო კომინიკაციის მიყურადებაზე განხორციელდება. რაც შეეხება კომპიუტერულ და ინტერნეტკომუნიკაციის კონტროლს, პროექტი ამ მიმართულებით ორსისტემიანი კონტროლის გავრცელებას არ ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვების დროს პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ ოპონენტების საპასუხოდ განმარტა, რომ ინტერნეტკომუნიკაციის სფეროზე ინსპექტორის ორსისტემიანი ელექტრონული კონტროლის განხორციელდება შეუძლებელია. პაკეტის ფარგლებში "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიეობო მოქმედებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს - შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი უფლება ექნება: ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, სასადგურე აპარატურიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა და სხვა სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. რეალურ დროში ინფორმაციის მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს "ოტო" განახორციელებს უშუალოდ, სასამართლო განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.გარდა ამისა, "ოტოს" უფლებამოსილი ხდება განახორციელოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი შენახვა ორი წლის ვადით. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან, კოპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შემდგომ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს შსს-ს ეს სამსახური ახორციელებს აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკებიდან, სასამართლოს განჩინების ან პროკურორის მოტივირებულის დადგენილების საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები






