აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსულ ტელეკომპანია "ვესტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აფხაზეტ-რუსეთის ე.წ ხელშეკრულების სამხედრო ნაწილთან დაკავშირებით ისაუბრა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.
ხაჯიმბას თქმით, ახალი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა მსოფლიოში მიმდინარე რთულმა პროცესებმა განაპირობა. დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერი აცხადებს, რომ ახალი შეთანხმების მიხედვით აფხაზეთის არმია რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ არ მოექცევა.
„მსოფლიოში რთული პროცესები მიმდინარეობს. 2008 წელს აფხაზეთთან მიმართებაში განსხვავებული ვითარება იყო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენი აღიარების შემდეგ და იმ პროცესების შემდეგ, რომელიც საქართველოსა და რუსეთში მიმდინარეობს, დრომ ახალი მიდგომები მოითხოვა. შეთანხმება კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნას ითვალისწინებს. ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი შეიარაღებული ძალები იმ დონეზე დავაყენოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სამომავლო არსებობა. რუსეთი შემდგარი და ძლიერი სახელმწიფოა. ის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზეა განლაგებული, ხელს უწყობენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩვენც ჩვენი მხრიდან საპასუხო ნაბიჯი უნდა გადავდგათ.
აფხაზეთის არმია რუსეთის ხელმძღვანელობაში არ გადადის. იქნება კონკრეტული ქვედანაყოფები, რომლებიც შეასრულებენ გარკვეულ ამოცანებს მოდერნიზაციისა და სწავლების კუთხით. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით მთავარსარდალი აფხაზეთის პრეზიდენტია და მასთან შეთანხმების გარეშე არავითარი ღონისძიებები არ გატარდება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები






