პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით პარლამენტმა ცაიტნოტის რეჟიმში უნდა იმუშაოს, რადგან მოსმენების შესახებ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით სიტუაცია 1 დეკემბრისთვის უკვე გარკვეული უნდა იყოს და საკანონმდებლო თვალსაზრისით სიცხადე უნდა იქნეს შეტანილი.
როგორც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რადგან ამ საკითხის განხილვა დღეს ვერ ესწრება, პარლამენტი ხვალინდელი დღის გრაფიკზე უნდა შეჯერდეს.
,,შევჯერდეთ ხვალ მუშაობის გრაფიკზე, რადგან როგორც ირკვევა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტოს თაობაზე და მისი შენიშვნები დღეს იქნება მოწოდებული პარლამენტში. დარჩენილ დროში, ცხრა საათამდე ჩვენ ვერ მოვასწრებთ ამ საკითხის განხილვას, რადგან საჭიროა ბიუროს სხდომასა და კომიტეტზე განხილვა. გვჭირდება მომხსმენებელიც, რომელიც ვერ მოასწრებს ცხრა საათამდე ჩამოსვლას. ამიტომ ამ საკითხის განხილვას დღეს ვერ ვასწრებთ. ჩვენ უნდა შევჯერდეთ სავარაუდოდ ხვალინდელი დღის გრაფიკზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს დღეს მოგვიანებით პარლამენტის ბიუროს შეკრება, მას შემდეგ თუ მივიღებთ აღნიშნულ დოკუმენტებს. ამიტომ ბიუროს წევრების მიმართ მექნება თხოვნა, რომ პარლამენტის შენობაში გააგრძელონ მუშაობა უახლოესი ორი საათის განმავლობაში. თუ ჩვენ დღეს მივიღეთ პრეზიდენტის ვეტო და ახალი ტექსტი შენიშვნების, ჩვენ მას გადავცემთ ბიუროს დღესვე. კომიტეტის სხდომას შევთავაზებთ, რომ ჩაატარონ ხვალ, დილით 10 საათიდან და პრეზიდენტის წარმომადგენელს ვთხოვთ, რომ ხვალ ამ დროისთვის ჩამოვიდეს. შემდგომ დაგვჭირდება ისევ ბიუროს სხდომა და სადღაც თორმეტის ნახევარზე დავიწყოთ პლენარული სხდომა, რომელზეც დავიწყებთ პრეზიდენტის ვეტოს განხილვას. ეს არის ჩვენი მუშაობის გრაფიკი. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს რეჟიმი განპირობებულია იმ ცაიტნოტით, რომელშიც ჩვენ ავღმოჩნდით. ვინაიდან ორშაბათ დილამდე უნდა იყოს სიცხადე საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ საკითხში", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო, რომლის დასაძლევად პარლამენტს 76 ხმა სჭირდება. გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ალტერნატიულ კანონპროექტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, თუმცა სასამართლოს როლი ძლიერდება. ხოლო ამ პროცესზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






