„უკრაინაში ბევრი პრობლემაა, თუმცა უნდა გვესმოდეს რომ რუსეთში არანაკლები პრობლემებია, ნავთობზე ფასი ეცემა, სანქციებს მოჰყვება დიდი ეკონომიკური პრობლემები. ახლა უკრაინისთვის მთავარია გაძლოს და ეს პერიოდი გაიაროს, ყველას გვესმის, რომ საჭიროა სწრაფი რეფორმების გატარება, ეს პირველ რიგში გულისხმობს, რომ უნდა გადაიჭრას ქვეყნისთვის ფუნდამენტური გამოწვევა და დაიწყოს ბრძოლა კორუფცაიასთან. მთავარია ნათესავურ და კლანურ კავშირებზე უარის თქმა.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
სააკაშვილმა კომენტარი საქართველოში არსებულ ვითარებაზეც გააკეთა და განაცხადა რომ ქვეყნის სათავეში რევანშისტი ადამიანები მოვიდნენ:
„ჩვენს ქვეყანაში იყო რევანში ძველი კორუმპირებული ძალების მხრიდან. ხელისუფლებაში მოვიდა რევანშისტი ხალხი, რომელსაც ყველაფრის უკან დაბრუნება უნდოდა , მაგრამ ჩვენ მიერ შექმნილი ყველა ინსტიტუცია; ყველაზე სწრაფი საბაჟო პროცედურები, კომპანიების ყველაზე სწრაფი დარეგისტრირების შესაძლებლობა, საკუთრების ყველაზე სწრაფი გაფორმება, პირადობის დოკუმენტების გაცემა იმდენად კარგად მუშაობდა, რომ მათ ამის გზიდან გადახვევა ვერ შეძლეს.“- აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა უკრაინელებს კორუმპირებული საჯარო მოხელეების დაპატიმრების შესახებ რჩევა მისცა, თუმცა მისი განცხადებით ეს საბჭოთა მეთოდებით არ უნდა მოხდეს:
„თქვენს ქვეყანას გამუდმებით ძარცვავდნენ, ამიტომ ჩემი რჩევა ასეთი იქნება: კორუმპირებული საჯარო მოხელეების დაპატიმრება აუცილებელია, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და ეს არ უნდა გაკეთდეს ძველი საბჭოთა მეთოდებით. ჩვენ საქართველოში გადასახადები 60%-ით შევამცირეთ. როცა მივედით ხაზინა ცარიელი იყო, ამის შემდეგ ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ, ანუ ადრე მთელი ეს ფული ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდიოდა, ჩვენ კი ფული ხალხს დავუბრუნეთ თან ნაკლები გადასახადებით. მეორე, რაც მნიშვნელოვანია უნდა შემცირდეს სახელმწიფო აპარატი, თქვენს სახელმწიფო აპარატს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, ქვეყანა რეალურად აჭმევს ჩინოვნიკებს, რომლებიც ბოლო სისხლს წოვენ მას, ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს.“ -განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






