საქართვლოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე სესიაშვილის კანონპროექტი გუშინ პირველი მოსმენით მიიღო, კანონპროექტი მეორე მოსმენით დღეს დაამტკიცეს. აღნიშნულ საკითხს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს:
„მე როგორც ადამიანს, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე ვმუშაობ, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. უსაფრთხოება არ არის განყენებული მცნება. ქვეყნის უსაფრთხოება გადის თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაზე და თითოელი ადამიანის უსაფრთხოება თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ სიცოცხლის უფლებას, არამედ მისი კანონიერი და კონსტიტუციური უფლებების დაცვას, როგორიც არის პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობა. რასაც ახალმიღებული კანონი, თავის არსში ეწინააღმდეგება.
ის, რომ ამ სახით კანონს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, ეს არის ფასადი, რასაც ისინი ამბობენ, ამითი მათ ხელი შეუწყვეს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამყარებას და ხელი შეუშალეს უსაფრთხოების სისტემის ნგრევას. მე არ მიკვირს, რომ ჩვენს დეპუტატებს არ ესმით, მათი განათლების დონე, ხშირ შემთხვევაში საშუალო განათლების დონეს მაღლა არ სცილდება.
მათ ერთი ელემენტარული რამ არ ესმით, არადა ვალდებულნი არიან, რომ ესმოდეთ, ქვეყნის უსაფრთხოება პირდაპირ მოიცავს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ფაქტობრივად ხელი მოაწერა იმას, რომ ისინი გვისმენენ. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ამ იდეალების დროშით მოვიდა, რომ ადამიანის უსაფრთხოება უნდა ყოფილიყო დაცული. ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის თავზე, საკუთარი ნებით ხელს აწერს იმას, რომ მან უნდა შელახოს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. ხელს აწერს იმას, რომ საკუთარ საზოგადოებასთან ჰქონდეს ძალისმიერი ურთიერთობა. ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ურთიერთობის ძალისმიერი მეთოდი არჩია.
გასაგებია, რომ მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, ამაზე არავინ არ დაობს, რომ ეს ფორმა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობისა, გამოყენებული არ იქნეს, მაგრამ ეს შეიძლებოდა გაკეთებული ყოფილიყო ისე, რომ არც სახელმწიფოს ინტერესები დაზარალებულიყო და არც ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება.
ამ გზაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, შეეშინდა, რომ გამოჩენილიყო საზოგადოების თვალში სუსტი. ხელისუფლება იყო ძლიერი მანამ, სანამ ის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას დაიკანონებდა. სწორედ იმით იყოს ძლიერი, რომ აღიარებდა სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკური აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პატივს სცემდა ადამიანის სხვა უფლებებსაც. ეს არის პირველი აქტი, რომლითაც ხელისუფლება აღიარებს, რომ ის არის სუსტი, რადგან საკუთარ თავს, ძალისმიერი მეთოდებით ურთიერთობის ფორმა არჩია.
ის შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რასაც პრემეირი ისროდა, ამ საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ, რომ მათ ვისაც, ამ სახით ეს კანონპროექტი არ მოსწონთ, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს არღვევენ, მე მასაც და მის მრჩევლებსაც ვურჩევდი, კარგად გაეცნონ უსაფრთხოების საკიტხებს და როგორ იცავენ ამ უსაფრთხოებას დასავლეთის ქვეყნებში.
თავად ხელისუფლებამ წაიყვანა პროცესი იქეთ, რომ მას უბრალოდ არჩევანი არ ჰქონდა. ძველი ქართული ზღაპრებისა არ იყოს, საითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეციო, ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი.
ეს პროცესი ამაზე არ უნდა გაჩერდეს. ვიღაცამ ეს უნდა შეაჩეროს. ძალაუფლების თვისებაა ის, რომ ერთხელ თუ თავს გაუვიდა, მერე მისი შეჩერება ძალიან ძნელია. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ეს კანონი შეჩერდეს. მე არ ვიცი რას გეგმავს პრეზიდენტი. წესით იმ ფასეულობების გადარჩენისთვის, რომლითაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება, ამ კანონს ვეტო დაედოს და ახალი კანონპროექტი მომზადდეს. ყოველგვარი მანიპულირება, რომ პრეზიდენტმა ამ კანონს თუ ვეტო დაადო, ის სახელმწიფო ინტერესებს ებრძვის, ეს არის აბსოლუტური ბლეფი“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






