„ყველა დროის და ხალხის რეფორმატორები არ ერიდებოდნენ გარდაქმნების დროს უცხოელების ცოდნის გამოყენებას. ჩვენ ბევრ სფეროში ამჟამადაც გვეხმარებიან უცხოელი კონსულტანტები , მაგრამ ეს საკმარისი არაა, ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში - შევიტანოთ ცვლილება კანონებში და უცხოელებს ქონდეთ საშუალება ჩაერთოს ჩვენს საჯარო სამსახურში, მათ შორის გახდნენ მთავრობის წევრები, ან გავაფართოვოთ იმ პირების წრე, ვისზეც უკრაინის პრეზიდენტს ექნება საშუალება დაჩქარებულ რეჟიმში მიანიჭოს უკრაინის მოქალაქეობა.“- განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას კანონში აღნიშნული ცვლილებების შეტანაზე მუშაობის დაწყება მოსთხოვა, კანონში ცვლილებების ინიცირებას თავად პრეზიდენტი მოახდენს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება უახლოეს მომავალში იგეგმება, პოროშენკომ უცხოელი სპეციალისტების თანამდებობებზე დასანიშნად, შესაძლოა, მათ უკრაინის მოქალაქეობა დაჩქარებულ რეჟიმში მიანიჭოს.
იმ პირებს შორის, რომელთა მიწვევასაც უკრაინის მთავრობა აპირებს, არიან საქართველოს მოქალაქე, ყოფილი თანამდებობის პირებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მათი უმრავლესობა ეკონომიკის სფეროში, ძალოვან სტრუქტურებსა და კორუფციასთან ბრძოლის ბიუროში დასაქმდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა განიხილება, ამის შესახებ „Украинская правда“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, მათივე ინფორმაციით ადეიშვილის კანდიდატურის შეთავაზება „პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის სხდომაზე თავად პოროშენკომ მოახდინა.
უკრაინული მედიის სხვა წყაროების ცნობით, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობას სთავაზობენ, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ეკა ზღულაძის კანდიდატურას უკრაინაში ანალოგიურ თანამდებობაზე განიხილავენ.
,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, უკრაინის მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე განიხილება ყოფილი მთავრობის წევრების თინა ბურჯალიანის, დიმიტრი შაშკინის, გიორგი არველაძის, ნიკა გილაურის და ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურებიც.
მასალის გამოყენების პირობები






