„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის გაკეთილშობილებაზე საუბარს აზრი არ აქვს.
ამის შესახებ ხიდაშელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„არ არის განსაკუთრებული ინტერესი განსხვავებული აზრების მოსმენის. ეს რამდენიმე დღე განსხვავებული აზრების გამოხატვის რეჟიმში ვიყავი. ამიტომ, ქალბატონ ეკას არ შევუქმნი დისკომფორტს და წარმატებები ვუსურვე მათ კანონის მშვიდად განხილვაში. პრინციპულად იმდენად განსხვავებულია ჩვენი პოზიციები, რომ ამ კანონპროექტის გაკეთილშობილებისთვის ლაპარაკს აზრი არ აქვს. გარწმუნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსმენები მაინც გავა ოდესმე, რადგან საქართველოში ის რაც ხდებოდა, აღარ განმეორდება“, - განაცხადა ხიდაშელმა.
პარლამენტის პლენარული სესია, სადაც ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტი მეორე მოსმენით გადის, ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს.
როგორც დეპუტატები ამბობენ, ბესელია და კანონპროექტის სხვა ავტორები არ არიან მზად, რომ შენიშვნები კანონპროექტში აისახოს.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს დღეს სავარაუდოდ მეორე მოსმენით დაამტკიცებენ.
მასალის გამოყენების პირობები






