ადვოკატ ოთო კახიძის ინფორმაციით, გირგვლიანის საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოლეგ მელნიკოვის და ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებებია გამოყენებული.
ამის შესახებ კახიძემ მთავარ პროკურატურაში განაცხადა, სადაც მას აღნიშნული საქმის მასალები გადასცეს.
„ოლეგ მელნიკოვი მიხეილ სააკაშვილზე პირდაპირ ჩვენებას არ აძლევს. იგი ამბობს, რომ დათა ახალაიამ მას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო ხსენებული პირების შეწყალების პირობა. მეორე მოწმე ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა მიცემილი შეწყალების პირობა. არც ერთი მოწმე არ მიუთითებს პრეზიდენტის სააკაშვილს კავშირს დანაშაულთან“, - აცხადებს ოთო კახიძე.
დღეს პროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილს, ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზეც წაუყენა. ამავე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას მიმართ, ხოლო დათა ახალაის ბრალეულობას სასამართლო განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები






