„საქართველოს რკინიგზაში“ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სარკინიგზო შემთხვევბთან დაკავშირებით, ტყუილს უწოდებს.
როგორც „ნიუპოსტს“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, გაფიცული თანამშრომლებს დეზინფორმაციის გავრცელებით სურთ „ფონს გავიდნენ“.
„რაც ეხლა ხდება, ყველაზე ნაკლებად შეიძლება ამას ეწოდოს გაფიცვა. ეს არის ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი, რომლებმაც ვერ შეძლეს მიემხროთ თანამშრომლები თავის მხარეს, რადგან იციან, რომ მათი პოზიციები არასწორია. ამიტომ, გადაწყდა მათი მხრიდან, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები გაავრცელონ. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ფაქტები და არანაირი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეხლა ის, რომ ლიანდაგი რემონტდება, ეს ჩვეულებრივი პროცესია. ეს საქართველოს რკინიგზაში ყოველდღიურად ხდება. ამისგან უნდა შექმნან დიდი შემთხვევა. იმ ადამიანებს, ვინც ხალხი ვერ გაფიცა უნდათ, რომ დეზინფორმაციით ფონს გავიდნენ. არასერიოზული ხასიათი მიიღო მათმა მოთხოვნებმა. 12800 ადამიანი საქართველოს რკინიგზაში შეუფერხებლად მუშაობს “, - განაცხადა ცაგურიამ.
მისი თქმით, ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან.
პროფკავშირების ინფორმაციით, გუშინ ღამით სამი სარკინიგზო შემთხვევა მოხდა.
„სადგურ სუფსაში მატარებელმა გაიარა წითელი შუქნიშანი და გაჭრა სალიანდაგო ისარი. ამ მომენტისთვის ჯერ ვერ დადგინდა რეალურად ელმავალს მემანქანე მართავდა თუ ვინმე სხვა პირი. სადგურ ლილოში ლიანდაგიდან გადავიდა და ჩავარდა ორი ვაგონი. იგოეთი-ჯაპანას გადასარბენზე, მე-9 კილომეტრის 1 პიკეტში შემთხვევით აღმოჩენილია კოროზირებული გატეხილი რელსი, რასაც უდიდესი კატასტროფა შეიძლება მოჰყოლოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






