საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პირნათლად წარვდგეთ ამ სამიტზე. ლატვიელი მეგობრები, კოლეგები, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გვიცხადებენ სრულ მხარდაჭერას. უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რიგის სამიტზე საქართველო ერთი საფეხურით წინ წაიწევს ევროინტეგრაციის პროცესში. ეს ვიზიტი არის ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ რისი მიღწევა გვინდა ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გვინდა სწორედ ასეთი მეგობარი ქვეყნების გაჩენა, რომლებიც არ დაიშურებენ დროსა და ენერგიას. ნახევარი მთავრობა ორი დღით ჩამობრძანდა საქართველოში იმისათვის, რომ გაგვიზიაროს გამოცდილება, დაგვეხმაროს იმ საკითხებში, რაში დახმარებაც საქართველოს სჭირდება. ეს ყველაფერი მოაქვს ევროპულ ინტეგრაციას. ამ ტიპის თანამშრომლობები შეგვაძლებინებს ძალიან ბევრი მიმართულებით გაცილებით სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას, ვიდრე ეს დღემდე ხდებოდა. ჩვენ უნდა დავეწიოთ ევროპას ყველაფრით, პირველ რიგში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის დონით, დასაქმების, შემოსავლების, უსაფრთხოების დონით. ჩვენ სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ და ცხადია, შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






