თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის, ქალაქის მერის დავით ნარმანიას, ასევე საკრებულოს დეპუტატებისა და მერიის სხვა წარმომადგებლების შემადგენლობით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და გუანჯოუს მერებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართება და ხელი ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერება, რაც საინვესტიციო და ურბანული განვითარების, ასევე კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
შეხვედრები ასევე ბიზნეს -წრეების წარმომადგენლებთანაც არის დაგეგმილი.
საკრებულოს თავმჯდომარემ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, მათ ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი დიდი ხანია ჩაეყარა.
მისივე თქმით, ორიოდე თვის წინ დედაქალაქს ქალაქ გუანჯოუს ვიცე -მერი სტუმრობდა, რომელსაც კულტურული ღირშესანიშნაობები, თბილისის მოსახლეობის წინაშე არსებული ეკონომიკური საჭიროებები და მოთხოვნილებები გააცნეს.
,,გუანჯოუში საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენლობის ოფისის გახსნაა დაგეგმილი, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დაეწრებიან’’,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში ჩინური ენის სწავლების ინიციატივითაც გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.
საკრებულოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანდუნის პროვინციის დედაქალაქ გუანჯოუში ერთ კვირას გაგრძელდება
მასალის გამოყენების პირობები






