„არცერთ ხელშეკრულებაზე სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰქონია ის რეაქცია, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს“, - ამის შესახებ კომენტარი სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი შეაშინა საქართველოს სხვლამ ევროინტეგრაციისკენ და სწორედ ამიტომ გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება აფხაზეთთან:
„აშკარაა, რომ რუსეთი დარწმუნდა, საქართველო რეალურად მოძრაობს ევროპისაკენ და არა მხოლოდ ევროპისაკენ, ნატოსაკენ, უელსის სამიტმაც ეს ყველაფერი აჩვენა. რუსეთი საქართველოს ვერ აჩერებს, მას სურს, რომ საქართველოს არ მიჰყვეს საქართველოს რეგიონი, აფხაზეთი. ანუ ან ძვირად დაუჯინოს ჩვენს ქვეყანას მომავალში ან ასეთი კარგი ლუკმა რუსეთისათვის, მაქსიმალურად გახადოს მისი. აფხაზებმა ხმა ამოიღეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი საქართველოს დღის წესრიგში ეწერება.
ეს არის პირველი ხელშეკრულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აფხაზებისთვის აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას. ეს ხელშეკრულება მოდის, როგორც დანარჩენი 80 ხელშეკრულება, ცენტრალური ჩარჩო ხელშეკრულებიდან, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის 17 სექტემბერს.
არცერთ ხელშეკრულებაზე სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰქონია ის რეაქცია, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






