შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველომ ხელშეკრულების ტექსტის ანალიზი დაიწყო, ამით კი შესაძლოა „ჩვენივე დაგებულ ხაფანგში მოვექცეთ“:
„მე მომხრე ვარ, რომ პანიკა არ იყოს არასდროს, პანიკით ჩვენ სიტუაციას ვერ ვმართავთ. უბრალოდ ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მივეჩვიეთ, რომ თუ არ არის მაღალი დონის ისტერიკა და პანიკა, ესეიგი საქმე სერიოზულად არ არის. საქმე სერიოზულია ნამდვილად, მაგრამ პანიკით და ისტერიკით ამას ვერ მოვაგვარებთ.
ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერით, გარკვეული ახალი მესიჯები წამოვიდა, რაც კარგად უნდა შევისწავლოთ, გავაანალიზოთ და ჩვენს მომავალ სტრატეგიაში დავსახოთ. რუსეთს ახლა დასჭირდა ამ ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერა. არსებითად, თავისი სტატუსით, ეს ხელშეკრულება არაფრით არ განსხვავდება წინა ხელშეკრულებისაგან, იგი უკანონოა. რაც არ უნდა იყოს ჩაწერილი, კარგი თუ ცუდი, თავისთავად უკანონოა.
დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტექსტს და ამით შესაძლოა ჩვენს მიერ დაგებულ ხაფანგში მოვექცეთ. ანუ ქართული საზოგადოების მიერ, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“, ჟურნალისტების მიერ.
ხაფანგი არის ის, რომ ჩვენ ვიწყებთ ტექსტის ანალიზს. თუ ამას ვიწყებთ, კეთილი ვინებოთ და 80 დოკუმენტის ტექსტის ანალიზიც გავაკეთოთ. რუსეთმა ეს ნაბიჯი რაღაცისთვის გადადგა: დრო, საჭირო და მნიშვნელოვანია რატომ ახლა, ყველაზე სერიოზული შეტყობინება არის ის, რომ მას რაღაცის შეეშინდა. იმის, რომ საქართველო მიდის ევროპისკენ. ყოველივე ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. რუსეთმა დაიწყო ფორიაქი საქართველოს მკაფიო ნაბიჯის გამო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






