საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი თბილისში ყველა პენსიონერისათვის 20-ლარიან, ხოლო ყველა პედაგოგისათვის 50-ლარიან დანამატს ითხოვს.
აღნიშნული ინიციატივა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერნეციაზე გააჟღერა, სადაც მან თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა და საკუთარი წინადადებები წარმოადგინა.
საკრებულოს დეპუტატმა ბრიფინგზე საკრებულოსა და მერიის შენახვისთვის გათვალისწინებულ 90 მილიონ ლარზე ისაუბრა. მისივე თქმით, ეს თანხა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის 13 პროცენტს შეადგენს, რაც გამაოგნებლად დიდი ციფრია.
"საკრებულოსა და მერიის შენახვისთვის 90 მლნ ლარია საჭირო, რაც მთელი ბიუჯეტის 13 % შეადგენს. ანუ 1,5-მილიონიანმა ქალაქმა, რომელიც ჯამში შეაგროვებს 800 მილიონ ლარამდე თანხას, 90 მილიონი უნდა გაიღოს, რომ შეინახოს საკუთარი ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია როგორ ახერხებს ქალაქის მართვას, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, როდესაც ერთი უწყინარი წვიმის გამო, აბსოლუტურად მთელი ქალაქი პარალიზებული იყო", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარის ბენზინის დღიურ ხარჯთან დაკავშირებითაც. მან აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისთვის თვეში 700 ლიტრი ბენზინია გათვალისწინებული. ეს ნიშნავს, რომ დღეში ის 160 კილომეტრს გადის, რაც აბსურდია, ანუ 8 საათი შეუჩერებლივ მოძრაობს ავტომობილით.
"ასეთი თანხების ამოღება აუცილებელია ბიუჯეტიდან. ასევე გადასახედია ხელოვნური მინათებისთვის გათვალისწინებული 1 მლნ ლარი, ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების ფასადების გამაგრებისთვის გათვალისწინებული 8 მილიონი ლარი. ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული 9 მლნ ლარი. ეს თანხები ამოსაღებია და ხელახლაა გასააზრებელი. "ქართული ოცნება" არ უნდა ხელმძღვანელობდეს პრინციპით, ახლა ჩვენი დრო მოვიდა და ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს ქალაქი და ეს ბიუჯეტი. დროა, ქამრების შემოჭერაზე იფიქროს "ქართულმა ოცნებამ" და პასუხისმგებლობით მიუდგეს ქალაქის მართვას", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






