საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვაზე, არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იგი გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციების გასამართად მზად არის და შესაბამისი გეგმაც გააჩნია, რომელიც მოლაპარაკების ფარგლებში უნდა განიხილოს:
„პრეზიდენტის ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები ამ ყოველივეს, ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია აფხაზეთი და ოკუპირებული ტერიტორიები, იმ ფონზე, როდესაც ხდება ანექსია და ჩვენი მტერი უტევს, ერთიანი პოზიციის შეჯერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე მაქვს სპეციალური გეგმა, იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაკეთდეს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ამ თემატიკაზე მუშაობის პერიოდში დავაგროვე. გამოვყოფდი ორ პუნქტს ამ მიმართულებით:
პირველი - უნდა გაიცეს სანქციები საქართველოს პროკურატურის მიერ და საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდნენ რაულ ხაჯიმბა და ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების რღვევას უწყობენ ხელს.
მეორე - აუცილებლად გაგზავნილი უნდა იყოს მესიჯები მოსახლეობისადმი, საუბარია აფხაზეთის მოსახლეობაზე და არა ხელისუფლებისადმი. უნდა მოხდეს გამიჯვნა, დღეს საქართველოში, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას და ხალხს ერთად განიხილავენ, ასე არ უნდა მოხდეს, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ეს ყველაფერი და ხალხს შევთავაზოთ მაქსიმალური უფლებები. ვუთხრათ, რომ რუსეთთან ურთიერთობით დაკარგავენ ყველაფერს. ამით აფხაზმა მოსახლეობამ უნდა ნახოს, რომ საზოგადოებას არ აქვს პრობლემა, პრობლემა აქვს იმ ხალხს, ვინც მიაქანებს აფხაზეთს უფსკრულისაკენ.
ეს ორი მესიჯი, რაზეც ვისაუბრებდი, სხვაზე კი თავს შევიკავებდი, რადგან ეს კომპლექსური გეგმაა და არ მინდა მტერმა ყველაფერი იცოდეს. მაქვს ჩემი შეთავაზებები პრეზიდენტთან და არა მხოლოდ მასთან, არამედ იმ პარტიებთან, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ კონსულტაციებში. ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რაღაც შედეგი მიღწეული იყოს. ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ აფხაზეთით და ცხინვალით შეჩერდება ყველაფერი, ძალიან ცდება. შემდეგი ჯავახეთია, შემდეგი კი თბილისი“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






