პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ფირცხალავა აგვისტოს ომის დროს კოდორში განვითარებულ მოვლენებზე და ხეობის არასათანადოდ დაცვაზე, გაზეთ "ქრონიკა +"-სთან საუბრობს.
"2008 წელს კოდორის ხეობის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი იყო იოსებ ქარჩაიძე. ეს ის ქარჩაიძეა, რომელიც ცნობილია იმით, რომ მოწმედ გამოდის სასამართლო პროცესებზე და ჩვენებები ხელზე უწერია. მე 50 კაცით ვიყავი ცხინვალში , მეორე 50 კაცით იყვნენ კოდორში აფხაზეთის მთავარი სამმართველოს პოლიციელები.
როცა ეს მოვლენები დაიწყო , ველაპარაკე ქარჩაიძეს და ვუთხარი , რომ ქვაფჩარის ხიდი აეფეთქებინა. ეს ხიდი ერთადერთი საშუალებაა, რომ აფხაზეთიდან ტრანსპორტი, ან ტექნიკა შემოვიდეს. სწორედ ამ ხიდის აფეთქება გამოიწვევდა შეტევის შენელებას.
როგორც შემდგომ აღმოჩნდა , ქარჩაიძემ განაცხადა რომ მას მოპარეს ხიდის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც დანაღმული იყო ხიდი, არ მოხდა იმ შეიარაღების აფეთქება, რომელიც მას ებარა , დატოვა ხელუხლებლად ავზები, სადაც იყო დიდი რაოდენობით საწვავი. როდესაც თვითმფრინავებმა კოდორის დაბომბვა დაიწყეს, იქ იყო განთავსებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები „სტრელა“ და „იგლა“. მათ შენახვას აქვს სპეციალური მოთხოვნები, თუ ხეობაში ეს მოწყობილობა გაქვს, ნებისმიერ თვითმფრინავს ჩამოაგდებ. აღმოაჩნდა, რომ არც ერთი არ მუშაობდა. როგორც მერე გაირკვა, დარღვეული ჰქონდა შენახვის წესები.
იმდენი იარაღი აქვთ წაღებული კოდორიდან აფხაზებს, რომ ტყვიები არ აქვთ, ვერ შოულობენ. ნატოს სტანდარტია ეს ტყვიები და რუსები ვერ უშვებენ." - აცხადებს ირაკლი ფირცხალავა.
წყარო "ქრონიკა+"
მასალის გამოყენების პირობები






