რას აკეთებს სახელმწიფო ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის. დღეს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, "ნიუპოსტი" დაინტერესდა, რა კონკრეტული გეგმები აქვთ სამთავრობო უწყებებს იმისათვის, რომ ამ მიმართულებთ არსებული საგანგაშო სტატისტიკა შეიცვალოს.
აღნიშნულ საკითხზე „ნიუპოსტს“ პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით სოფო ჯაფარიძე ესაუბრა.
მისი თქმით, ძალადობის პრევენციისთვის რამდენიმე უწყება კომპლექსურად მუშაობს.
„როგორც იცით, საუწყებათაშორისო საბჭო, რომელიც ბოლოს 2013 წლის აპრილში შეიკრიბა. ეს არის ორგანო, რომელიც ოჯახში ძალადობრივ მდგომარეობას აკვირდება და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა. ხვალ საუწყებათაშორისო საბჭოს განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დამტკიცდება ყველა სათანადო დოკუმენტი, რათა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტდეს. მან უნდა განაახლოს მუშაობა და აღმოიფხვრას ის ბერკეტი, რომელიც არსებობდა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ მსხვერპლებს, რომელთა მიმართ შემაკავებელი და დამცავი ორდერი გამოწერილი არ იქნება, შეეძლებათ თავშესაფარში განთავსდნენ სტატუსის მიღების შემდეგ“, - აცხადებს ჯაფარიძე.
მისი თქმით, უკვე დამტკიცდა ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს გენდერული თანასწორობას, ქალთა გაძლიერებას და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას.
„გეგმაში გაწერილია კონკრეტული ქმედებები, რაც უნდა განახორციელონ ამა თუ იმ უწყების წარმომადგენლებმა, რომ ეს პრობლემები დარეგულირდეს. შსს-ს აქტიური მუშაობით შემუშავდა ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს ოჯახში ძალადობასაც, მაგრამ უფრო ფართო დოკუმენტია. შეიქმნა ძალადობის ეროვნული პრევენციის კომისია, რომლის თავმჯდომარეც იქნება პრემიერი. ეს კიდევ იქნება დამატებითი ბერკეტი, რომ ძალადობასთან ბრძოლა სათანადოდ იქნეს მიხედილი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველა უწყება კომპლექსურად მუშაობს“, - ამბობს ჯაფარიძე.
მისი თქმით, პრემიერის აპარატში ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე ინფორმაცია შედის, რაზეც რეაგირებას შესაბამისი უწყებები ახორციელებენ.
„ისეთი ტიპის განცხადება, რომ ვარ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და დამეხმართ, მსგავსი სახის განცხადებები არ შემოდის. თუმცა შემოდის სხვა ტიპის განცხადებები, რომლთა გადამისამართებას ვახდენთ შესაბამის უწყებასთან. მაგალითად, ავღნიშნავ ერთი ტიპის განცხადებას, რომელიც შეეხებოდა ესეთ ფაქტს - საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთად სწავლობდნენ მოძალადე და მსხვერპლი და ამ უკანასკნელს სურს, რომ ძალადობის თავიდან აცილების მიზნით სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდეს. ჩვენ ის გადავამისამართეთ განათლების სამინისტროსთან და სამართალდამცავ ორგანოებთან, რომ აღმოიფხვრას ესპრობლემა. ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ სამართალდამცველებთან, რომ თუ რაიმე პრევენციული ზომის მიღების შესაძლებლობა არსებობს, ეს ზომა მიიღონ“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბართან სოფო ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






