ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოჭში რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
პუტინის განცხადებით რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება და ამისთვის კარგი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზაა შექმნილი.
„ამასთანავე , ჩვენი ექსპერტები და პარლამენტის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია დამატებითი აქტების მიღებაც, რომ გაუმჯობესდეს ეკონომიკური ურთიერთობები, უზრუნველვყოთ აფხაზეთის უსაფრთხოება და გადავწყვიტოთ მთავარი ამოცანა- გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრების დონე.“- განაცხადა პუტინმა.
აფხაზეთის ე.წ მეთაურმა აღნიშნა , რომ მისი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა მრავალ სირთულეს, დღეს კი ხელშეკრულების გაფორმებით ქვეყანა ახალ ფაზაში გადადის.
„ჩვენ უეჭველად გავზრდით იმ შესაძლებლობებს, რაც ადრე იყო წარმოდგენილი- როგორც უსაფრთხოებაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ეს ურთიერთობები განვითარდება და დახმარება რომელსაც ჩვენ ქვეყანას აღმოუჩენენ, იქნება რეალურად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის“- აღნიშნა ხაჯიმბამ. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დახმარების მოცულობის გაზრდა აფხაზეთს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ სოციალური ამოცანები გადაწყვიტოს, არამედ ეკონომიკაც განავითაროს.
მასალის გამოყენების პირობები






