რუსეთსა და აფხაზეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც დღეს სოჭშია დაგეგმილი, საქართველოში რუსულ ანექსიად, ყველა ერთხმად აფასებს. თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობა მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ დღეს.
რა ვერ გათვალა საქართველოს მთავრობამ და რა გამოსავალი არსებობს რუსული ანექსიის შესაჩერებლად?! - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ნიუპოსტი“ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად აქტიურად უნდა ჩართოს დასავლეთი არსებულ სიტუაციაში და შესაბამისად, ილუზიებიდან გამოვიდეს:
„ხელისუფლება ვერაფერს ვერ გააკეთებს ერთი რაღაცის გარდა, იგი ილუზიებს საბოლოოდ უნდა დაეხსნას, ეს უმთავრესია. მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანებული და გაგიჟებულია რუსეთი, ამიტომაც ჩვენ უნდა შევეცადოთ, მისი აგრესია ავიცილოთ თავიდან, ილუზიებს არ უნდა მივეცეთ. უნდა ვეცადოთ, რომ პროვოკაციის წამოწყების უფლება არ მივცეთ ჩრდილოელ მეზობელს. უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად კულუარებში. ასევე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დასავლეთში აუხნან რუსეთს, საქართველოსთან მსგავსი საქციელი მას ძვირად დაუჯდება.
ერთის მხრივ რუსეთის აგრესიის საფუძველი არ უნდა დავსახოთ და ეს უნდ გამოვრიცხოთ და მეორეს მხრივ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ დასავლეთთან. ეს არის ის, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. მე სამწუხაროდ მგონია, რომ ეს მეორე მიმართულება, სამუშაო დასავლეთთან, აქამდე იყო ჩაგდებული და ყურადღებას არ აქცევდნენ. მართლაც არსებობდა რაღაც ილუზია, რომ მოილაპარაკებდნენ და ყველაფერი დალაგდებოდა. სამწუხაროდ ასე არ არის და ამაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა. მოვიდა დრო, რომ ამას ჩვენც მივხვდეთ“, - აღნიშნა შარაშენიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ხელშეკრულება საქართველოს სვლას ევროინტეგრაციისკენ ხელს ვერ შეუშლის, იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი რუსეთს დაუმტკიცებს, რომ საქართველოსთან მსგავსი ქცევა მას ძვირად დაუჯდება:
„ევროინტეგრაციისკენ სვლას ეს ხელშეკრულება ხელს ვერ შეუშლის. არსებობს იმის პრეცენდენტი, რომ კვიპროსი, რომელიც ორად არის გაყოფილი, ერთი ნაწილი შევიდა ევროკავშირში ისე, რომ მეორე ნაწილზე ვერავითარი იურისდიქცია ვერ ვრცელდებოდა. მსგავსი პრეცენდენტები არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მუშაობაზე და დემოკრატიის ხარისხზე, ასე რომ ევროინტეგრაციას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის, რუსეთმა აფხაზეთის მთლიანი ანექსიაც რომ მოახდინოს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






